შალვა პაპუაშვილი - საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე, თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ამ ღირებულებებს, მაშინ გვითხრას, რას უწუნებს - დროა, ბრიუსელი ევროპულ გზას დაუბრუნდეს!

ჯობია, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო - ომი და ეკონომიკური სტაგნაცია ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს, ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მინისტერიალის დაწყებამდე, ევროკომისრების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და „თუ ქალბატონ კოსს პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, მაშინ გვითხრას, რა ასპექტში აქვს მას ეს პრობლემა“.

პაპუაშვილი ასევე ამბობს, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც ევროპულ ღირებულებებს პრინციპულად ეწინააღმდეგება.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დროა, ბრიუსელი ევროპულ გზას დაუბრუნდეს.

„მე მგონი, ზუსტად კარგი ვიზუალიზაცია იყო იმ მდგომარეობის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელი დღეს არის ბარიერი საქართველოსა და ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ვნახეთ, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ვნახეთ, რომ როცა წევრ ქვეყნებზეა საუბარი, მათი სურვილია, დიალოგი იყოს საქართველოსა და ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს შორის, ამიტომაც არის, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში გავაძლიერეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით შეხვედრები, ვიზიტები. მნიშვნელოვანია, რომ წევრ ქვეყნებთან გქონდეს კომუნიკაცია და ვისაუბროთ დიალოგის აუცილებლობაზე, ვინაიდან კონფრონტაცია და ბოიკოტი არ არის ევროპული გზა. სამწუხაროდ, ეს არაევროპული გზა აქვს არჩეული დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გვქონდეს ორმხრივი კომუნიკაცია, დიალოგი მათთან, ვინც წარმომადგენენ საკუთარ ხალხს, იმისთვის რომ საბოლოო ჯამში, ბრიუსელიც დარწმუნდეს, რომ კონფრონტაცია არ არის ევროპული გზა და დროა, ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროპულ გზას - დიალოგის გახსნილობისა და კონფრონტაციული გზიდან გასვლისა.

რაც შეეხება ქალბატონ კოსს - მან თქვა, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდესო, რაც გაუგებარია. საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე. თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ გვითხრას, რას უწუნებს. ჩვენი ქვეყანა დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და ჩვენი რწმენა არის, რომ ქრისტიანული ღირებულებები არის ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები. ასე რომ, ქალბატონ კოსს თუ პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, მაშინ გვითხრას, რა ასპექტში აქვს მას ეს პრობლემა.

რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას - მას შეუძლია, რამდენჯერაც უნდა ეს ყალბი ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია, რომ ჯობია, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო. ასე იქნებოდა ჩვენ რომ დაგვეჯერებინა მარტა კოსისთვის და ბრიუსელის სხვა ბიუროკრატებისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე, დღეს ვიქნებოდით უკრაინის და მოლდოვის მდგომარეობაში. მოლდოვაში წლებია არის ეკონომიკური სტაგნაცია, უკრაინაში კი წლებია, ომია. ზუსტად ორივე სცენარი ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს, ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა საფრანგეთში მიმდინარე აქციების დაშლის შესახებ კითხვას და აღნიშნა, რომ „ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელს აქვს, რომ არსებობენ მაღალი და დაბალი ხარისხის საზოგადოებები, არსებობს ევროკავშირის მაღალი საზოგადოება, რომლისთვისაც კანონის უზენაესობა დასაცავია, რომლისთვისაც კონსტიტუციური წყობა დასაცავია და არსებობენ ევროპული პატრიციები და ვარსებობთ პლებეები, რომლებსაც ზემოდან უნდა გვიყურონ. ის რაც იუპიტერისთვის, ანუ ევროკავშირისთვის არის მისაღები, ჩვენთვის პლებეებისთვის მიუღებელი უნდა იყოს“.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული დამოკიდებულება სტრუქტურულ გადაწყვეტილებებშიც გამოიხატება.

„ამაზე ზუსტად ახლა მიდის მსჯელობა, რომ ახალ წევრებს თუ მიიღებენ, მიიღებენ როგორც მეორეხარისხოვან წევრებს, რომლებსაც ევროკავშირის სხვა წევრებთან შედარებით თანაბარი ხმის უფლება არ ექნებათ, რითაც პირდაპირ გვაჩვენებენ სწორედ პატრიციების და პლებეების გამიჯვნის დამოკიდებულებას.ევროკავშირი სამწუხაროდ ათასწლეულების წინ არსებულ იმ კლასობრივ მიდგომებს უბრუნდება, რომელიც რომის იმპერიაში არსებობდა, და თუ ეს არის მარტა კოსის გაგებით ევროპული ღირებულება, რომ კლასებად უნდა დაყო საზოგადოებები, ხალხები და ქვეყნები, ჩვენ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით.ეს დამოკიდებულება ევროკავშირის ელჩის კომენტარშიც კარგად იგრძნობა, თუკი საქართველოს შემთხვევაში ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს ითხოვდა, საფრანგეთში ვხედავთ, რომ 6000 ადამიანია დაკავებული და აქედან 85% არის არასრულწლოვანი, სკოლის მოსწავლეები, მათგან ერთმა ხელის მტევანიც დაკარგა.ვხედავთ როგორ ბრუტალურად მოქმედებს პოლიცია დღისით, მზისით, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ამის საპასუხოდ ევროკავშირის ელჩისგან გვესმის, რომ აქციის მონაწილეების მიმართ გმობს ძალადობას. ამიტომაც ვამბობთ, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია ემსგავსება საბჭოთა კავშირის ბიუროკრატიას, როდესაც მოსკოვი თავის დროზე რესპუბლიკებს უყურებდა მეორეხარისხოვან წევრებად, იგივე დამოკიდებულება ჩანს დღეს ბრიუსელის მხრიდან კანდიდატი წევრების მიმართ, საქართველოს მიმართ, რომ ვართ ჩამოუყალიბებელი, ვერშემდგარი არა სახელმწიფო, რომელზეც შეუძლია გამოვიდა მარტა კოსი, რომელიც არავის აურჩევია და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ესაუბროს იმ ტონით, რომლითაც ესაუბრება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა