შალვა პაპუაშვილი - ღმერთმა შეარგოს ევროკავშირის ელჩს ცეკვა და მოლხენა, მაგრამ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოდან ევაკუირებული იქნებოდა, რაც შეეხება „ევროპის დღეებს“, „ვულოცავ“ ელჩს, რომ ევროპის დღეები ევროპის სიძულვილის დღეებად აქცია

ჩვენ ვიხილეთ მოცეკვავე ევროკავშირის ელჩი და ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ელჩი გააცნობიერებდა მეორე დღეს მაინც, რომ ჩვენ რომ მისი ხელმძღვანელობისთვის დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოში საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა. ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა, მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ გაიაზროს, რომ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, ალბათ, ევროკავშირის ელჩიც არ იქნებოდა საქართველოში, ევაკუირებული იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არა ხალხის ინტერესებით, არამედ ევროკავშირის ლიდერებისა და ელჩის მითითებებით რომ ემოქმედა, დღეს საქართველოს იქნებოდა ომისგან დანგრეული ქვეყანა.

„კარგია, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს იმის განწყობაც და შესაძლებლობაც, რომ იმხიარულოს. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ელჩი გააცნობიერებდა მეორე დღეს მაინც, რომ ჩვენ რომ მისი ხელმძღვანელობისთვის დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოში საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა. საქართველო დღეს იქნებოდა ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა, იქნებოდა ომისგან დანგრეული ქვეყანა. მადლობა არ გვინდა მისგან, არ ველით მისგან მადლობას, მაგრამ იმედი მაქვს იაზრებს, რომ ის, რომ მას ცეკვისა და მხიარულების შესაძლებლობა ჰქონდა, იმის დამსახურებაა, რომ საქართველოს მთავრობამ მას და მის უფროსებს არ დაუჯერა და იმოქმედა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა, მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ, გაიაზროს, რომ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, საცეკვაოდ საქმე არავის არ ექნებოდა და ალბათ, ევროკავშირის ელჩიც არ იქნებოდა საქართველოში, ევაკუირებული იქნებოდა, ისევე როგორც კიევიდან გაიყვანეს ყველა საელჩო, მიატოვეს კიევი ელჩებმა, ერთადერთი საქართველოს ელჩი დარჩა ბოლომდე, რომელიც შემდეგ ზელენსკიმ გამოაძევა თავისი ქვეყნიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის საელჩომ ევროპული დღეები ევროპის სიძულვილის დღეებად აქცია და საკუთარი თავის იდენტიფიცირება პოლიტიკურ აქტორად მოახდინა.

„ის, რასაც ვხედავთ ე.წ. ევროპის დღეების სერიებით, არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია. ვხედავთ, რომ ევროკავშირის საელჩო საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე აორგანიზებს ამ დღეებს. არც კი იწვევს ხელისუფლებას, თითქოს იმყოფებოდნენ აქ რაღაც ვაკუუმში და ხელისუფლების არმქონე ტერიტორიაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეალურად იქცა ევროპული სიძულვილის დღეებად. პირველ შემთხვევაში, გახსოვთ თქვენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა იყო, როდესაც თბილისში ჩატარდა 2024 წლის მაისში, შემდეგ ჯერზე 9 მაისს ისე ჩაატარეს ევროპის დღეები, რომ არც კი ახსენეს ქართველების წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაზე და 9 მაისი არც კი მიულოცა ევროკავშირის ელჩმა ქართველ ხალხს. შემდეგ ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის მაგინებელი კორძაია ჰყავდათ მიწვეული გამომსვლელად და ახლა ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის მაგინებელი, სააკაშვილის მრევლი ჰყავდათ მიწვეული მუსიკალურ წარმომადგენლად. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ აქამდე დაიყვანა ევროკავშირის საელჩომ ეს ყველაფერი, რომ ევროპის დღეები აქციეს ევროპის სიძულვილის დღეებად, რომელიც ყოველ ჯერზე არის სიძულვილის გამოხატვის დღე. ევროკავშირის ელჩის გამოსვლები და ეს ბოლო გამოსვლაც მათ შორის, არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია, რომელიც არის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული და რომლის მიზანია საზოგადოების განწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ და ამას ემატება ბონუსად სიძულვილი, რომელსაც ამ ღონისძიებებით თესავენ. ასე რომ, „ვულოცავ“ ევროკავშირის ელჩს, რომ ევროპის დღეები მან აქცია ევროპის სიძულვილის დღეებად. არ ვიცი აპირებს თუ არა ევროპის სიძულვილის დღეების გაგრძელებას, მაგრამ ისე ჯიუტად იქცევა, რომ დარწმუნებული ვარ, რაღაც ასეთებს მოიფიქრებს. უტიფრად ცდილობს, რომ საქართველოს მოსახლეობას ცხვირ წინ უტრიალოს ის ხალხი, ვინც მათ აგინებს და სიძულვილს თესავს. ეს აჩვენებს, სამწუხარო მდგომარეობას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ აქტორთან და აღარ გვაქვს საქმე დიპლომატიურ მისიასთან. ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა, რაც ჰერჩინსკიმ ჩაიდინა, ის რამდენჯერმე დაბარებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ დარღვევების გამო, ასე რომ, ის უბრალოდ იმეორებს, რეციდივია ვენის კონვენციის დარღვევის და ეს ბოლო ღონისძიებაც ამის მაგალითი იყო, როდესაც პოლიტიკური აქცია ჩატარდა სიძულვილის გასაღვივებლად. ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავისი თავი უკვე დააიდენტიფიცირა, როგორც პოლიტიკურმა აქტორმა და არა როგორც დიპლომატიურმა მისიამ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა