რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ახალი არაფერია, ყოველ ჯერზე, სიტყვა-სიტყვით იმავეს იმეორებენ - ჩვენი მიზანია, რომ რუსეთს ეს პოზიცია შევაცვლევინოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ რუსეთმა შეცვალოს თავისი საოკუპაციო პოლიტიკა და დაუბრუნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პოლიტიკას.
„არაფერი ახალი ამ განცხადებაში არ არის. როდესაც ჟენევის ფორმატში იმართება ხოლმე შეხვედრები, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ყოველ ჯერზე ზუსტად ამ საკითხს აყენებენ. ამის საპირისპიროდ, ჩვენგან დგება საკითხები დევნილების დაბრუნების, რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანის და ა.შ. არაფერი ამაში ახალი არ არის. საქმეც იმაშია, რომ ჩვენი მცდელობაა იქით მიმართული, რომ რუსეთმა შეცვალოს თავისი საოკუპაციო პოლიტიკა და დაუბრუნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პოლიტიკას. ამისკენ არის მიმართული ჩვენი ძალისხმევა. რაც შეეხება ამ განცხადებას - რა თქმა უნდა, წლებია ეს ასე გრძელდება, ყოველ ჯერზე, სიტყვა-სიტყვით იმავეს იმეორებენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები. ჩვენი მიზანია, რომ რუსეთს ეს პოზიცია შევაცვლევინოთ”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველომ კვლავ ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიები უნდა გასცეს და ე.წ. საზღვრების დემარკაცია უნდა მოხდეს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა 9 ოქტომბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან: გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან.
„ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს დისკუსიების მიმდინარე საკითხები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგშია. რუსეთის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას. პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემას, აგრეთვე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს”, - აღნიშნულია განცხადებაში.