10 ოქტომბერს ირაკლი გაგნიძე 44 წლის გახდებოდა - ემოციური საღამო, რომელიც მის იუბილეს მიეძღვნა

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ბიზნეს პროცესებს კი არ მართავენ, არამედ მთლიანად სექტორისა და საზოგადოებრივი აზროვნების ვექტორს ცვლიან. ირაკლი გაგნიძე - „ბიბლუსის“ გენერალური დირექტორი, რომელიც 10 ოქტომბერს 44 წლის გახდებოდა, სწორედ ასეთი მასშტაბის ლიდერი იყო. მან თავის გუნდთან ერთად შექმნა არა მხოლოდ წარმატებული კომპანია, არამედ მოძრაობა, რომელიც წიგნებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურებოდა.

„წიგნის კაცი“ - სწორედ ასე დაამახსოვრა მან თავი „ბიბლუსის“ გუნდს და ფართო საზოგადოებას, რადგან უყვარდა და ეამაყებოდა საქმე, რომელსაც ემსახურებოდა და ბოლომდე იხარჯებოდა მისთვის. ოჯახისთვის და ახლობლებისთვის კი იყო ძლიერი დასაყრდენი, რომლის იმედიც ყოველთვის, ყველაზე რთულ დროსაც ჰქონდათ.

სწორედ ამიტომ, ირაკლი გაგნიძის 44 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ოჯახის, მეგობრების, ახლობლების, „ბიბლუსის“ ახლანდელი და ყოფილი თანამშრომლების მხრიდან მადლიერების გამოხატვის, მოგონებებისა და ემოციების გაზიარების შესაძლებლობა იყო. საღამოზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, როგორც „ბიბლუსში“, ასევე პირად ურთიერთობებში.

საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი იყო მწერალ გიორგი კეკელიძის გამოსვლა. მან წაიკითხა დასაწყისი თავისი წიგნიდან, რომელიც ირაკლი გაგნიძის განვლილ გზასა და ხსოვნას მიეძღვნა. წიგნის სახელწოდება - „წიგნის კაცი“ ზუსტად ასახავს იმ არსს, რასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ემსახურებოდა.

„როდესაც ადამიანი ახალი გარდაცვლილია, ბუნებრივია, დროს განსაკუთრებულად გამძაფრებული აქვს ემოცია და განსაკუთრებით გრძნობ მის მნიშვნელობას. მაგრამ როდესაც გარკვეული დრო გადის და ეს მნიშვნელობა ნარჩუნდება, ეს არის ამ პიროვნების მასშტაბის საზომი. დღეს ჩვენ ყველას გვაქვს განცდა, რამდენად დიდი და მნიშვნელოვანი პერსონა იყო ირაკლი გაგნიძე. მე ძალიან მიხარია, რომ მას ვიცნობდი, მართალია, ბოლო წლებში მომიწია თანამშრომლობა, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან ემოციური პერიოდი იყო და მიხარია, რომ პატარა მოგონებების წიგნი შევქმენი, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით გამოკვეთს მის პორტრეტს“, - გიორგი კეკელიძე.

გიორგი კეკელიძეს და ირაკლი გაგნიძეს საერთო საქმე აკავშირებდათ - 2024 წელს მათ ერთობლივად დააფუძნეს „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც ქართული ქალაქებისა და სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას, ლექცია-სემინარების ჩატარებას და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ემსახურება.

„ბიბლუსის“ თანამშრომლებმა გაიხსენეს, თუ როგორ შეცვალა ირაკლი გაგნიძემ ქართული საგამომცემლო და წიგნის გავრცელების კულტურა. სიამაყოთ აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის, ამ პროცესში მონაწილეობა.

იმ პერიოდში, როდესაც ბეჭდური წიგნის მომავალი ბუნდოვანი იყო, ხოლო მაღაზიები სოციალური ფონის თუ სხვა მიზეზების გამო იხურებოდა, ირაკლი გაგნიძემ შექმნა კონცეფცია, რომელმაც კითხვისადმი ინტერესი გააძლიერა - წიგნმა პრესის ჯიხურებიდან თანამედროვე, მასშტაბურ სივრცეებში გადაინაცვლა. „ბიბლუსის“ ქსელის გაფართოებამ პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა წიგნის ბაზარზე - გაზარდა ტირაჟები, მისცა მყარი საყრდენი ადგილობრივ გამომცემლობებს და ახალი ასპარეზი გაუხსნა ავტორებსა და მთარგმნელებს.

...და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ირაკლი გაგნიძის ბიოგრაფიაში მართლაც გამორჩეული ადგილს იკავებს, არის წიგნი ყველა რეგიონში - მას სურდა, წიგნი იქაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი, სადაც ერთი შეხედვით, ამის საშუალებას ლოგისტიკური თუ ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები ნაკლებად იძლეოდა. დღეს, „ბიბლუსის 78-ზე მეტი ფილიალი და მისი ფრენშაიზ მაღაზიები ამ დიდი ჩანაფიქრის რეალიზებაა და პროცესი კვლავ გრძელდება.

44 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე თანამშრომლებმა და ოჯახის წევრებმა ირაკლი გაგნიძე გაიხსენეს როგორც გამორჩეული ემოციური ინტელექტის მქონე პიროვნება . მას სჯეროდა, რომ კომპანიის მთავარი ღირებულება ადამიანია, პირადად მონაწილეობდა ისეთ პროცესებში, როგორიც მაღაზიის დიზაინი, თაროების განლაგება თუ ანალიტიკური სისტემების დანერგვაა, ქმნიდა მეგობრულ გარემოს, რომელიც შემდეგ კომპანიის წარმატებას უზრუნველყოფდა.

„გვსურდა, ამ საღამოზე გაგვეხსენებინა ყველაფერი, რაც ირაკლისთან ერთად გავიარეთ როგორც გუნდმა, ასევე ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. ცხადია, ჩვენ კვლავ სავსე ვართ მადლიერებით და რასაც ჩვენი მკითხველი ხედავს „ბიბლუსის“ ქსელში, სრულად ირაკლის დამსახურებაა. ადრე გვქონდა სლოგანი, რომელიც შემდეგ შეგვეცვალა - „ვაკეთებდით ყველაფერს ირაკლისთან ერთად“; ახლა - „გავაკეთებთ ყველაფერს ირაკლისთვის“, - სოფო გორდაძე, „ბიბლუსი ჯგუფის“ საოპერაციო დირექტორი.

ირაკლი გაგნიძე „ბიბლუსის“ გენერალურ დირექტორად 2011 წელს დაინიშნა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ის ბრენდის შენებას, რომელიც მთელი ქვეყნისთვის პირდაპირ ასოცირდება წიგნიერებასთან.

„ირაკლი ჩვენს გუნდში მოვიდა, როდესაც „ბიბლუსი“ ძალიან პატარა იყო. გვითხრა, რომ ძალიან დიდი საქმე იყო გასაკეთებელი და გვერდით უნდა დავდგომოდით. მას შემდეგ „ბიბლუსი“ ძალიან გაიზარდა, თუმცა ირაკლი ყოველთვის აღნიშნავდა - „არ დავივიწყოთ, საიდანაც მოვდივართო“, - „ბიბლუსის“ ფრენშაიზის განვითარების მენეჯერი.

საღამო განსაკუთრებით ემოციური იყო ირაკლი გაგნიძის ოჯახისთვის. ღონისძიებას მისი მეუღლე და შვილები ესწრებოდნენ. დასასრულს მათ სიმბოლურად გაჭრეს საიუბილეო ტორტი.

„ეს საღამო უჩვეულო იყო პირადად ჩემთვის და ალბათ თითოეული თანამშრომლისთვის. მადლობელი ვარ, რომ ასე აფასებენ და ასე უყვართ ის. თითოეული მისი ნაბიჯი ემსახურებოდა მოტივაციას, წარმატებას, თითოეული თანამშრომელი მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. ირაკლისთვის ჯერ იყო ადამიანობა და შემდეგ საქმიანი ურთიერთობები. მისი გამორჩეული თვისებები იყო ლიდერობა და მეგობრობა და სწორედ მათი ერთობლიობით აღწევდა „ბიბლუსი“ ძალიან დიდ წარმატებას“, - ხათუნა კაციტაძე, ირაკლი გაგნიძის მეუღლე.

საღამოს დასასრულს სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთი წვლილი შეეტანათ ირაკლი გაგნიძის სახელობის ბიბლიოთეკის განვითარებაში, რომელიც 2025 წელს ახალი ბანას სამონასტრო კომპლექსში გაიხსნა. მათ მიერ შეძენილი თითოეული წიგნი სწორედ ბიბლიოთეკას გადაეცა.

„წიგნის კაცი“ - ასე დარჩა ირაკლი გაგნიძე ისტორიას, რომელიც გრძელდება „ბიბლუსის“ სახით.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა