რუსეთი თავისი ჰიბრიდული ომით საქართველოს სუვერენიტეტის საბოლოო მიტაცების გაფორმებისთვის ბოლო ფაზაშია. მისი საბოლოო მიზანია საქართველოზე გააფორმოს სტრატეგიული კონტროლი, ის, რაც, ფაქტობრივად, უკვე აქვს, თუმცა არ აქვს გაფორმებული იურიდიულად. საქართველოს ხელისუფლება კი არ მიტოვებს იმის განცდას, რომ მათ უნდათ ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და უბრალოდ არ იციან. სინქრონული მოქმედებები მიმდინარეობს კრემლთან ერთად, შეგნებულად, თუ შეუგნებლად იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთმა თავისი სტრატეგიული გამარჯვება იზეიმოს საქართველოში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული რიგი პროდუქტის იმპორტის აკრძალვაზე.
როგორც თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, შემთხვევითი არ არის, რომ კონკრეტული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას, მალევე, სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოჰყვა. მისი თქმით, რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტსა და შანტაჟს ყოველთვის იყენებს სწორედ თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.
„ირაკლი კობახიძე, კაცი, რომელიც ამაყობს იმით, რომ საოკუპაციო ხაზთან არასდროს გასულა მიუხედავად ოკუპაციისა და იქ, ჩვენი მოსახლეობისთვის არსებული უმძიმესი პირობებისა, აუცილებლად უპასუხებდა რუსეთს, რომ ძალის გამოუყენებლობის ე.წ. შეთანხმება, რომელსაც რუსეთი სთხოვს თბილისს, მოხდება რუსეთთან, რომელმაც ეს ომი დაიყო, და არა მარიონეტულ რეჟიმებთან. როდესაც ასეთი პასუხი არ არის, როდესაც რუსეთი მაღალჩინოსანი კამბოლოვი ცხინვალში ისე დაგვისვეს, რომ ამაზე მოგუდული განცხადების გარდა არაფერი მოგვისმენია, როდესაც პოლიტიკა არ ვიცით, როგორ იცავს ეს ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იმგვარად, რომ მთლიანად საქართველო არ შეუერთდეს ოკუპირებულ რეგიონებს რუსეთში და არა პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ ძალიან პრიმიტიული რუსული პროპაგანდა იმისთვის, რომ წინააღმდეგობის ნება საზოგადოებაში მოკლან მიუხედავად იმ სანქციებისა, რომელიც ჩვენ კომპანიებს დაუწესდა რუსეთის მხრიდან და რაც ყველას 2006 წელს ახსენებს, არამედ რუსეთი თავისი ჰიბრიდული ომით ბოლო ფაზაშია საქართველოს სუვერენიტეტის საბოლოო მიტაცების გაფორმებისთვის,
შეხედეთ სურათს ზახაროვა ბრიტანული სანქციების შემდგომ კვლავ ლანძღავდა რუსეთს და აქებდა კობახიძეს, კალაძეს და პაპუაშვილს. ერთი მხრივ, ზახაროვა აქებს „ქართულ ოცნებას“ იმის გამო, რომ დასავლეთისგან იზოლაცია მოახდინა დ მეორე მხრივ, მაინც ეკონომიკურ ემბარგოს აწესებს რიგ კომპანიებზე. სხვათა შორის, ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული რუს-ქართველი ბიზნესმენი, მამუკა ფიფია ჯერ კიდევ ივნისში ამბობდა, რომ ქართული კომპანიის სია იყო, რომელიც რუსოფობიასა და ანტირუსული გამოსვლების მხარდაჭერაში იყო შემჩნეული. გამოდის, რომ ეს არის იმ კომპანიების დასჯა, რომლებზეც რუსეთი თვლის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის პროცესშია ჩართული. ფიფიას განცხადების ლოგიკის თანახმად, ასეა. ამ პირობებში, სად არის ირაკლი კობახიძის პოზიცია, მე მგონი, ამ სანქციასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. 2006 წელს იყო ეკონომიკური ბერკეტის გამოყენება და 2008 წელს იყო რუსეთის ომი. დღეს, რუსეთი აგრძელებს ამ ომს ოღონდ არა სამხედრო განზომილებით, არამედ პოლიტიკური, საინფორმაციო და მათ შორის ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით. მისი საბოლოო მიზანია საქართველოზე გააფორმოს სტრატეგიული კონტროლი - ის, რაც რუსეთს უკვე აქვს, ფაქტობრივად, თუმცა არ აქვს გაფორმებული იურიდიულად. იურიდიულ გაფორმებაში ის გულისხმობს იმას, რომ საქართველომ ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას აფხაზებთან და ოსებთან, რითაც დაიწყება მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და რუსეთი შემდგომ გახსნის სატრანზიტო დერეფანს ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, რაზეც რუსეთი ვიცე-პრემიერი ჯერ კიდევ თებერვალში საუბრობდა, რომ რკინიგზა უნდა გაიხსნას და სრულ კონტროლს დაამყარებს ამ ტვირთების და მათ შორის საქართველოს სუვერენულ არჩევანზე. ეს არის მთავარი მიზეზი და ეს არის იძულება.
გეუბნებით გამოცდილებაზე ,ცოდნაზე დაყრდნობით, იმ ჰიბრიდული ომის შინაარსის ცოდნით, რომელიც მე გამაჩნია - ეს არის ბოლო წინა ფაზა, ეკონომიკური ზეწოლა ისევე, როგორც სხვა ტიპის ზეწოლა ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით. გუშინ, ლუდა სალია ოკუპირებული ხურვალეთიდან ამბობდა, რომ რუსეთის ვერტმფრენმა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე, გადაუფრინა ხურვალეთს და წავიდა რუსულ სამხედრო ბაზაზე, რომელიც ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული. რაიმე ტიპის განცხადება გსმენიათ „ქართული ოცნებიდან“? რაიმე ტიპის ინსტიტუციური მექანიზმი, ეს ყბადაღებული უსაფრთხოების საბჭო გვაქვს, სადაც ამას აკითხებს განიხილავდნენ? - ეს კიდევ აჩვენებს იმას, რომ რუსეთს თავად „ქართული ოცნება“ უწყობს ხელს ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში“, - განაცხადა აქუბარდიამ.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე თბილისს ულტიმატუმს უყენებს იმ ფონზე, როცა „კვლავ ხდება ევროკავშირზე და იმ სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმა, რომელზეც იდგა საქართველოს სუვერენიტეტი“. როგოცრც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო რუსეთთან პირისპირ მარტო დატოვა. „რეგიონის კუთხითაც თუ გადავხედავთ, საქართველო ყველაზე სუსტი და მაჩანჩალა ქვეყანაა იმ ფონზე, როდესაც სომხეთს და აზერბაიჯანს დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს და თავდაცვისუნარიანობის კუთხით მათი ბიუჯეტი 5%-ს შეადგენს მშპ-სტან მიმართებით.
ჩვენი 1,7%-ს არ ასცდენია და ეს რა განაცხადია? მე მაქვს კითხვა, უნდათ კი, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მათ? რომ ვხედავდე, რომ უნდათ, მაგრამ უბრალოდ, არ იციან, როგორ აკეთონ, მზა პასუხები არამხოლოდ თქვენი ეთერებით, არამედ პარლამენტიდანაც მაქვს მიწოდებული, მაგრამ ვერ დავინახე მათი სურვილი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ შეგნებულად იყო საქართველოს მედეგობის და წინააღმდეგობის მოშლა რუსული საფრთხეების კუთხით. საზოგადოება უნდა იყოს მომთხოვნი იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც ამბობს,რომ მის სუვერენიტეტს იცავს. ახლა, როდესაც საქართველო ამ ეკონომიკური შანტაჟისა და ზეწოლის კუთხით რუსული ჰიბრიდული ომის ბოლოს წინა ფაზაშია, რომელსაც მოჰყვება იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საქართველოს სამ სახელმწიფოდ დაშლას უდრის, როდესაც სამხედრო სწავლებები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც ასევე სამხედრო მუქარის ელემენტების შემცველია, როდესაც რუსეთის უამრავი მოქალაქე უკონტროლოდ შემოდის და რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე სპეცსამსახურის და ფარული მოქმედებების კუთხით ქვეყნის შიგნით რისკებს ზრდის, მაშინ როდესაც დასავლეთი მარტა კოსისი პირით გვეუბნება, რომ თუ ამ დრაკონულ კანონებს გადააგდებთ, გაჰყვებით კონსტიტუციას და ხალხის მოთხოვნებს, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობაო, ამ ვითარებაში ერთი სულელური რუსული კანონი რატომ იყო იმხელა ფასის და მნიშვნელობის, რომ ამას გადააყოლეს არამხოლოდ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და კეთილდღეობა, არამედ ქართველი ხალხის ბედი, რომელთა ნაწილი ქვეყნიდან გაიქცა, ნაწილი ციხეშია, ნაწილი უმუშევრად დარჩა და ნაწილი პროტესტშია ჩართული. ეს მე არ მიტოვებს იმის განცდას, რომ მათ უნდათ ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და უბრალოდ არ იციან. ეს აჩვენებს იმას, რომ სინქრონული მოქმედებები მიმდინარეობს კრემლთან ერთად, შეგნებულად, თუ შეუგნებლად იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთმა თავისი სტრატეგიული გამარჯვება იზეიმოს საქართველოში“, - განაცხადა აქუბარდიამ.