გიორგი მელაშვილი - 2006 წელს ეს ერთხელ უკვე გამოვიარეთ, რუსეთის ინტერესები არის უცვლელი, მას უნდა საქართველოს დამონება და ამისათვის იყენებს ყველა ბერკეტს - საფრთხეების შემცირების გზა ევროპელი პარტნიორების სოლიდარობაა

რუსეთი საქართველოსგან იმ ეკონომიკური სიკეთეების სანაცვლოდ, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას და ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივ აღიარებას ითხოვს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გიორგი მელაშვილმა განაცხადა, რითაც ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული რიგი პროდუქტის იმპორტის აკრძალვაზე.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული ფულისთვის სასათბურე პირობები შექმნა, რამაც საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე კიდევ უფრო გაზარდა. მელაშვილი აღნიშნავს, რომ დასავლელი პარტნიორებისგან იზოლირების ფონზე, მოსკოვმა გადაწყვიტა, სათავისოდ გამოიყენოს ის ეკონომიკური ბერკეტები, რომლებიც ხელისუფლებამ მას წლების განმავლობაში უბოძა.

„ქართული პროდუქციის სტანდარტი არაფრით არ და მგონია, რომ რიგი მწარმოებლები პირიქით, აღემატება რუსულ კრიტერიუმებს. 2006-ში ეს ერთხელ უკვე გამოვიარეთ. რუსეთის ინტერესები არის უცვლელი - რუსეთს უნდა საქართველოს დამონება. ამისათვის იყენებს ყველა ბერკეტს, იქნება ეს სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. “ქართულმა ოცნებამ” შექმნა სასათბურე პირობები რუსული ფულისთვის საქართველოში, რითაც ხელი შეუწყეს ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო დამოკიდებულების ზრდას რუსეთზე. ჩვენ მაშინაც ვაფრთხილებდით, რომ ეს იყო დამღუპველი და საფრთხის შემცველი. “ქართული ოცნების” სრულიად არაადეკვატური საგარეო პოლიტიკის შედეგად, მაშინ, როცა ჩვენ იზოლირებულები ვართ დასავლელი პარტნიორებისგან, რუსეთმა გადაწყვიტა კიდევ უფრო გამოიყენოს ის ბერკეტები, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” უბოძა რუსეთს ამ ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ რუსეთმა დააწესა ამაზე უარესი სანქციები სომხეთთან მიმართებით, თუმცა დასავლეთმა მოხსნა მთელი რიგი რეგულაციები და სომხეთის პროდუქციის მიახლოებით 80%-ს შეუძლია ევროპულ ბაზარზე შესვლა დამატებითი გადასახადების გარეშე. ანუ ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, მათი სოლიდარობა არის მთავარი გზა, რომ მოხდეს ამ საფრთხის შემცირება. სამწუხაროდ, “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია იმის ადეკვატურობა, რომ საქართველოს დასავლეთს ჯანსაღად ელაპარაკოს. ამ დროის მანძილზე მათგან ვხედავდით დათმობას რუსეთთან მიმართებით, ხოლო დასავლეთთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ ავტოკრატიული კანონების მიღებას. ამ მმართველობის მთელი ტრაგედია ისაა, რომ მათ არ იციან გლობალური პროცესები როგორ მიმდინარეობს და საბოლოო ჯამში, ამ მოქმედებებით საქართველოს მედეგობა მკვეთრად შეამცირეს”, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომელიც სოხუმისა და ცხინვალის მიმართ თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემას გულისხმობდა, მელაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის წითელი ხაზი, “რომლის გადალახვის რესურსი „ქართულ ოცნებასაც“ კი არ გააჩნია“.

„ამ ხელშეკრულებაზე ქართული მხარის ხელის მოწერა ნიშნავს ოკუპაციის აღიარებას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს “ქართულ ოცნებაშიც” ესმით. ეს არის წითელი ხაზი ქართული ოცნებისთვისაც კი მთელი მათი „რუსოფილური“ პოლიტიკის მიუხედავად არსებობს და რომლის გადალახვის უნარიც არ მგონია, რომ მათ დღეს გააჩნიათ. ჩვენ მივედით იმ სიტუაციამდე, რომ რუსეთმა იმ ეკონომიკური სიკეთეების სანაცვლოდ, რომელიც ჰქონდა “ქართულ ოცნებას”, მოითხოვა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მოვიჭრათ ეს ორი რეგიონი და გადავცეთ ისინი მოსკოვს. თუ თბილისი სოხუმთან ან ცხინვალთან აწერს ნებისმიერ ხელშეკრულებას ხელს ეს ავტომატურად ნიშნავს მათი სტატუსის აწევას და ფაქტობრივად აღიარებას”, - განმარტა მელაშვილმა.

გარდა ამისა, გიორგი მელაშვილის შეფასებით, “დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებითა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებით ჯერ კიდევ შესაძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ქართულ ოცნებას“ სანქციების რეალური საფრთხე ემუქრება”. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის ახლა გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს.

“ევროკავშირში ინტეგრაცია ნიშნავს საქართველოს სუვერენიტეტის დაცულობის გაზრდას, ჩვენი იდენტობის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არანაირი სუვერენიტეტის დათმობა გაწევრიანებით არ ხდება, პირიქით საქართველოს ექნება შესაძლებლობა გახდეს იმ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სივრცის ნაწილი, რომლის ნაწილიც ჩვენ ისედაც მენტალურად ვართ. თუ ქართულ ოცნებას მართლა უნდა ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა, გააუქმონ ანტიდემოკრატიული კანონები შეწყვიტონ დასავლური რიტორიკა და გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები. ამის შემდეგ დასავლეთთან კომუნიკაცია გახდება შესაძლებელი. აქამდე „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა ორბანი, რომელიც ბლოკავდა ევროკავშირის ზონაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ახლა ორბანი აღარ არის შესაბამისად ევროპულ საბჭოს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. ევროკავშირმა თავიდანვე თქვა, რომ მას არ უნდა ქართველი ხალხის დასჯა, ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი გრადუალური სანქციები, რომელიც უშუალოდ შეეხებოდა საქართველოს მოქალაქეს ჯერჯერობით, არ არის. ყველაფერი დევს მაგიდაზე ქართულ ოცნებაზე დამოკიდებული იქნება თუ არა მიღებული მათთვის უფრო მტკივნეული გადაწყვეტილებები. თუ ისინი ამბობენ, რომ სანქციების არ ეშინიათ შეხედონ ბატონ რუხაძეს”, - განაცხადა მელაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა