ჩვენი მხრიდან [ევროკავშირთან] დიალოგისთვის სრული მზაობაა, მზად ვართ ყველა საკითხთან დაკავშირებით დისკუსიისთვის - თუ ჯანსაღი მიდგომა იქნება ურთიერთობების გადატვირთვას წინ ვერაფერი დაუდგება, თუმცა ამ ეტაპამდე მოლოდინის რეჟიმში ვართ, - ეს განცხადება ევროკავშირთან ურთიერთობების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძის შეფასებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დონეზე გარკვეული არსებითი ცვლილებებია, თუმცა ევროკომისიის ხელმძღვანელობა კვლავ ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩევა. კობახიძის თქმით, ურთიერთობების გადატვირთვას კონკრეტული ბიუროკრატები უშლიან ხელს.
„მიუხედავად იმისა, რომ განწყობების დონეზე გარკვეული პროგრესი შეინიშნება, [ურთიერთობების აღდგენის] პროცესი რთულად მიმდინარეობს. პროგრესი არის მინიმალური. ამის მიზეზი ჩვენი სახელმწიფოს მიმართ კონკრეტული ბიუროკრატების დამოკიდებულებაა, რომლებიც ურთიერთობების გადატვირთვას ხელს უშლიან. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა დიალოგისთვის, მზად ვართ ყველა საკითხთან დაკავშირებით დისკუსიისთვის - თუ ჯანსაღი მიდგომა იქნება ურთიერთობების გადატვირთვას წინ ვერაფერი დაუდგება, თუმცა ამ ეტაპამდე მოლოდინის რეჟიმში ვართ.
ქვეყნების დონეზე არის გარკვეული არსებითი ცვლილება, თუმცა ამას ნაკლებად ვიტყოდი ევროკომისიის ხელმძღვანელობაზე, ევროკომისიის ხელმძღვანელობა კვლავაც გამოირჩევა ხისტი დამოკიდებულებით. თუ ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია გადაიხედება, ურთიერთობები გადაიტვირთება“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ევროპელი ლიდერების დღევანდელ კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომელიც მათ საქართველოს ხელისუფლების მისამართით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის დაწყების წინ გააკეთეს.
კობახიძის თქმით, საქართველოსთან მაქსიმალურად თანამშრომლობა ევროპის ობიექტურ ინტერესშია, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ.
„ჩვენ ევროპული ბიუროკრატიისგან ქართველ ხალხზე თავდასხმებს მიჩვეული ვართ. ეს სხვა არაფერია თუ არა მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე, რაც ძალიან სამწუხაროა.
რა თქმა უნდა, არის ევროკავშირის არაერთი ქვეყანა, რომელსაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მნიშვნელობა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა არიან დანიშნული ბიუროკრატები, კონკრეტული დანიშნული პოლიტიკოსები, რომლებიც მოქმედებენ არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ სხვა ძალების გავლენის ქვეშ, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა.
ევროპის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან მაქსიმალურად თანამშრომლობა - ეს არის ევროკავშირის ობიექტური ინტერესი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ქართველ ხალხს გამუდმებით თავს ესხმიან, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.