ამ ხელისუფლების პირობებშიც კი, საპენსიო პოლიტიკა პენსიონერების საჭიროებაზე რომ იყოს აწყობილი და არა საზოგადოების მხრიდან პროტესტის სიმწვავეზე, მისი ზრდა პენსიის ამჟამინდელი მოცულობის 1/3-ით მომენტალურად არის შესაძლებელი, ანუ - მინიმუმ 120 ლარით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ თბილისის საკრებულოს წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი წერს, რითაც ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდაზე.
მისი თქმით, „ლელოს“ პროგრამით, 4 - წლიან ციკლში პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელი იყო.
„70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია, 2027 წლის იანვრიდან 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით იზრდება. 70 წელზე მეტი ასაკის პენსიონერებისთვის თანხა უცვლელი რჩება - 60 ლარი.
20 ლარით ზრდაზე მკვეთრად უარყოფითი რეაქციები მიიღეს პენსიონერებისგან და მოუწიათ უკან დახევა.
უბრალოდ, მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი გადადგეს უკან და 25 ლარზე მეტი მაინც ვერ გაიმეტეს. „ლელოს" პროგრამით, 4 წლიან ციკლში პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელი იყო.
თუმცა ამ ხელისუფლების პირობებშიც კი, საპენსიო პოლიტიკა პენსიონერების საჭიროებაზე რომ იყოს აწყობილი და არა საზოგადოების მხრიდან პროტესტის სიმწვავეზე, მისი ზრდა პენსიის ამჟამინდელი მოცულობის 1/3-ით მომენტალურად არის შესაძლებელი, ანუ - მინიმუმ 120 ლარით“, - წერს ნიკა ჩერქეზიშვილი „ფეისბუქზე“.