ბერდია სიჭინავა - მთავარი მტკიცებულება იქნება ივანიშვილის ინტერვიუ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააანონსა სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება და გიორგი გახარიას დევნა

მთავარი მტკიცებულება იქნება ივანიშვილის ინტერვიუ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დააანონსა მათ შორის, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება და გიორგი გახარიას დევნა პერსონალურად, - ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ე.წ ჩორჩანას საქმეზე ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

„დათვალიერების ოქმები და დათვალიერების ოქმებზე თანდართული ვიდეოსიუჟეტები იქნება, რომელიც გადიოდა 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, სადაც აღწერილია ჩორჩანაში არსებული ვითარება. ასევე ვიდეოსიუჟეტებში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები, თეა წულუკიანის, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობდა, ვახტანგ გომელაურის, რომელმაც ფაქტობრივად ჩვენება შეცვალა, საკუთარი პოზიციების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა სასამართლოში და სხვა თანამდებობის პირების, რომლებიც სხვანაირად საუბრობდნენ 2019 წელს და 7 წლის თავზე აღმოაჩინეს, რომ თურმე, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა ჰქონდა ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვას. ასევე, წარმოდგენილი იქნება სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები და ასევე, წარმოდგენილი იქნება ვიდეომტკიცებულებების სახით, რა ახსნა-განმარტება მისცა გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მთავარი მტკიცებულება იქნება ივანიშვილის ინტერვიუ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დააანონსა მათ შორის, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება და გიორგი გახარიას დევნა პერსონალურად და მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მიმართ“, - განაცხადა სიჭინავამ.

ის ასევე გამოეხმაურა გახარიასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შემდეგ განცხადებას: „მაგალითად, საუბრობდნენ იმაზე, რომ საკუთარი აგრარული ბიზნესი მოიწყო ერთ სამეგრელოში, ერთი შიდა ქართლში, მაგრამ ეს იყო პატარა, „ქართულ-ჯიგრულ პონტში“, როგორც თვითონ ამბობდა, შემთხვევები, მეტი არაფერი. ანუ სისტემურ კორუფციაზე არავინ საუბრობს გახარიას პერიოდში“.

სიჭინავას თქმით, გახარიას ჩხოროწყუში ხის სახლის გარდა, ვერაფერს უპოვიან.

„ეს არის სრული უტიფრობა, რასაც ირაკლი კობახიძე აცხადებს! არანაირ კორუფციასთან, არასდროს, გიორგი გახარიას და მის პოლიტიკურ გუნდს კავშირი არასდროს ჰქონია. ახლა რატომ გაახსენდათ იცით? ვერაფრით რომ ვერ დააზიანეს გიორგი გახარია პოლიტიკურად, თავიდან ბოლომდე რომ არიან „ქოლ-ცენტრებში“ თავით გაჩურთულები, პარტიულ სალაროს როგორ ატრიალებენ, როგორ აგროვებენ ბინებს, უძრავ ქონებებს, საზღვარგარეთ სახლებს, ახლა გიორგი გახარია გაახსენდათ - რეპუტაციული შებღალვა ხომ არ აწყობთ? რა შეიძლება უპოვონ გიორგი გახარიას, ჩხოროწყუში აშენებული ხის სახლი? ეს არის, რასაც გიორგი გახარიას ედავებიან? ირაკლი კობახიძემ საკუთარ თავზე იფიქროს და იმ კორუფციულ სინდიკატზე, რომელსაც წარმოადგენს კალაძის დაჯგუფება. თუ კიდევ ერთხელ გაბედავენ ამ საქმესთან დაკავშირებითაც რამე ფორმით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, მართლა ჩამოენგრევათ თავზე მთელი ის კორუფციული სინდიკატი, რომელზეც დგანან და რომლითაც იკვებებიან“, - განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა