ბატონ შალვა პაპუაშვილს ქრისტიანობასთან იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც კობახიძეს მაოიზმთან! საქართველო მართლაც დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე 1700 წელია და ეს ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ “ქართულ ოცნებას” საერთო არაფერი აქვს ამ ღირებულებებთან და მეტიც, სრულიად ეწინააღმდეგება მათ, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
გრიგოლ გეგელია განმარტავს, გაუთავებელ შიშს, სიცრუეს და სიძულვილის კამპანიას, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ქრისტიანულ ღირებულებებთან.
„გაუთავებელი სიცრუე, შიშისა და სიძულვილის კამპანია, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ცილისწამება, მათი უსაფუძვლო დევნა და ციხეში გამომწყვდევა, განსხვავებული აზრის აკრძალვის გამუდმებული მცდელობა, ოპონენტების მიმართ რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ჯგუფების მიერ ფიზიკური ანგარიშსწორების წახალისება, ბაგა-ბაღების, მოხუცებისა და ქართული ჯარის ძარცვა, ღარიბი ერის ყულაბიდან ფულის კორუფციულად მიტაცება - რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ყოველივეს ქრისტიანულ ღირებულებებთან?
თვენახევრის წინ კობახიძემ ისტორიის გადაწერის რიგითი მცდელობისას განაცხადა, რომ თურმე “გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელისმოწერით საქართველომ ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა”. სინამდვილეში, საქართველომ და ქართველმა ერმა ცივილიზაციური არჩევანი 1700 წლის წინ გააკეთა, როცა ქრისტიანობა მიიღო და სწორედ ეს არჩევანი აისახა ჩვენს გეოპოლიტიკურ მისწრაფებაშიც - საქართველომ მყარად აირჩია დასავლური პოლიტიკური სივრცე! მაგრამ ვინ ებრძვის დღეს ამ პროექტს? სწორედ კობახიძე და პაპუაშვილი, ვინც დასავლეთთან დაახლოების მაგიერ რუსეთს, ირანსა და ჩინეთს ეფლირტავებიან.
სწორედ ამიტომ, ეს რეჟიმი არის ქართული ეროვნული ფასეულობების, ქრისტიანული ღირებულებების და ამის შესაბამისი გეოპოლიტიკური არჩევანის დაუძინებელი მტერი, თავის სულიერ მოძმე რუსეთთან ერთად, რომელიც ანალოგიურად ანტიქრისტიანული სახელმწიფოა და ქრისტიანული ღირებულებებს მხოლოდ საკუთარი შავბნელი პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად იყენებს,“ - წერს გრიგოლ გეგელია.