უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ორბანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სიბიგა ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი და ევროპული დღის წესრიგის ყველაზე აქტუალური საკითხები განიხილეს, მოსაზრებები გაცვალეს და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
“ერთმანეთს მივულოცეთ ორმხრივი შეთანხმებების წარმატებით შესრულება. დღეს უკრაინის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები განათლების კანონმდებლობაში, რათა უზრუნველყოს უკრაინაში ევროპული ეროვნული უმცირესობების უფლებები ამ სფეროში, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ეს განხორციელდა პირველი კლასტერის ფარგლებში უკრაინის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად. ანუ, ჩვენ ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს”, - აცხადებს სიბიგა.
მისი თქმით, ელის ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ორი კლასტერის გახსნის შესახებ.
“ხვალ ველოდებით ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებას მე-2 კლასტერის („შიდა ბაზარი“) და მე-3 კლასტერის („კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“) გახსნის შესახებ. მადლობა გადავუხადე უნგრულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილი კონსტრუქციული პოზიციისთვის”, - აცხადებს სიბიგა.
მისი თქმით, უნგრელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის დედაქალაქსა და სხვა მშვიდობიან ქალაქებზე რუსეთის მხრიდან თავდასხმების გააქტიურების შესახებ.
“ასევე განვიხილეთ ევროპული საბჭოს მომავალი სხდომის დღის წესრიგი და ევროკავშირის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზნად ისახავს აგრესორის შეჩერებას, მის იძულებას - უარი თქვას ტერორის ტაქტიკაზე - და მოლაპარაკებების მაგიდასთან მის დაბრუნებას ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. უკრაინა-უნგრეთის დიალოგი სულ უფრო მტკიცდება. იგი ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, კეთილმეზობლობასა და ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამის საერთო ევროპულ მომავალს”, - წერს სიბიგა.