10 ოქტომბერს, წინანდლის მამულებში, ჯაზისა და ღვინის ფესტივალი „JAZZ&WINE Kakheti“ მეათედ გაიმართა. ღონისძიება ქართული ღვინის დეგუსტაციასა და საერთაშორისო მუსიკალურ პროგრამას აერთიანებდა.
ფესტივალი ღვინის დეგუსტაციით გაიხსნა. ღონისძიებაში 40-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა, რომელთა შორის მცირე და ბუტიკური მარნები იყვნენ წარმოდგენილი.

ფესტივალის მუსიკალური პროგრამა იტალიური ჯგუფის, SUGARPIE & THE CANDYMEN-ის გამოსვლით გაგრძელდა. საღამოს მსმენელის წინაშე წარდგა პროექტი FRED WESLEY GENERATIONS, ხოლო ფესტივალი ამფითეატრში შვეიცარიულ-ამერიკულმა პროექტმა SOUL TRAIN — JJ’s Hausband feat. Reggie Saunders-მა დაასრულა.

ფესტივალს მრავალი სტუმარი დაესწრო. ღონისძიებამ წინანდლის ისტორიულ გარემოში შემოდგომის კახეთისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო შექმნა, სადაც ერთმანეთს ქართული ღვინის კულტურა, ცოცხალი მუსიკა და სტუმართა მრავალფეროვანი გამოცდილება შეერწყა.
ფესტივალის დამფუძნებლის, კახა კანდელაკის განცხადებით, „JAZZ&WINE Kakheti“ ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციასა და ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერას ემსახურება.

„საქართველოში ფესტივალი ათი წლის წინ დავაარსეთ. ვფიქრობ, მისი ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველო ღვინის ერთ-ერთი სამშობლოა. ფესტივალს ყოველწლიურად ბევრი უცხოელი ტურისტიც სტუმრობს“, - განაცხადა კახა კანდელაკმა.
მისივე თქმით, ფესტივალი მცირე მარნებს საკუთარი პროდუქციის ფართო აუდიტორიისთვის წარდგენისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს.
„JAZZ&WINE Kakheti“ ღვინის კულტურასა და ცოცხალ მუსიკას აერთიანებს და კახეთის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.
(R)