დარწმუნებული ვარ, უკვე ცხადია “ქართული ოცნებისთვის”, რას ითხოვს მისგან კრემლი ჩემი აზრით, ეს არის რუსეთის მხრიდან შანტაჟი, იმის ჩვენება, რომ მას შეუძლია, საერთოდ წყობიდან გამოიყვანოს საქართველოს ეკონომიკა. ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი ჰაერზე არ გადადგეს, რაღაცაზე ვერ თანხმდებიან. როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” რაღაცაზე ფეხს ითრევს და რაღაცას არ ასრულებს, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში” რუსეთის მხრიდან რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.
რუხაძის მოსაზრებით, რუსეთის მხრიდან შანტაჟის მიზეზი შეიძლება ე.წ. პუტინის დერეფანი იყოს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთში რკინიგზის გაყვანას გულისხმობს და ასევე, შესაძლოა იყოს რუსეთის მხარის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც თბილისმა სოხუმისა და ცხინვალის თავდაუსხმელობაზე ხელი უნდა მოაწეროს.
“მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ლოგიკურად მიმდინარეობს. მადა ჭამაში მოდისო, ხომ გაგიგიათ. რუსეთმა მიიღო ყველა დათმობა, რაც დასავლურ ფრონტზე შეეძლო “ქართულ ოცნებას” დაეთმო. ფაქტია, რომ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი საერთოდ აღარ განიხილება. საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას ევროკავშირთან აქვს ყველაზე ცუდი ურთიერთობა, რაც მე მახსოვს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, რომ საქართველოს ხელისუფლებებს ჰქონიათ, რაც პირდაპირ შედის რუსეთის ინტერესებში, შესაბამისად, ამოცანას მიაღწია მოსკოვმა.
ასევე, მოსკოვმა მიაღწია იმ ამოცანას, რომ თუ 15 წლის წინ საქართველო მინიმალურად იყო დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე ენერგეტიკული თუ ექსპორტის თვალსაზრისით, დღეს საგრძნობლად დამოკიდებულია და სწორედ ამის დემონსტრირებას ცდილობს ახლა მოსკოვი, რომ მიანიშნოს “ქართულ ოცნებას”, რომ მას სხვა გზა აღარ აქვს, პარტნიორები აღარ ჰყავს დასავლეთში, საქართველო ეკონომიკურად და ენერგეტიკულად რუსეთზე ჩამოკიდებულია და ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი ახლა, რომ აჩვენოს მცირე დოზით, თუ რა შეუძლია.
დარწმუნებული ვარ, უკვე ცხადია “ქართული ოცნებისთვის”, რას ითხოვს კრემლი მისგან. ჩემი აზრით, ეს არის რუსეთის მხრიდან შანტაჟი, იმის ჩვენება, რომ მას შეუძლია, საერთოდ წყობიდან გამოიყვანოს საქართველოს ეკონომიკა. ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი ჰაერზე არ გადადგეს, რაღაცაზე ვერ თანხმდებიან. როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” რაღაცაზე ფეხს ითრევს და რაღაცას არ ასრულებს.
რა შეიძლება იყოს ეს? ეს შესაძლოა, იყოს რკინიგზასთან დაკავშირებული საკითხი, ე.წ. პუტინის დერეფანი [რკინიგზა რუსეთიდან აფხაზეთის გავლით სომხეთში]. შესაძლოა ასევე, ეს უკავშირდებოდეს ჟენევის მოლაპარაკებებს, რომელიც ერთ თვეში გაიმართება და აქაც ახალი ის არ არის, რომ რუსული მხარე ითხოვს, თბილისმა ხელი მოაწეროს სოხუმთან და ცხინვალთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას და ასევე დაიწყოს ე.წ. საზღვრების დემარკაცია. ეს ახალი არ არის, თუმცა ზეწოლა იზრდება და რაც უფრო მოწყვლადი და სუსტია საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება, მოსკოვი გრძნობს, რომ მით მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჰიპოთეზებია, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ამის დადასტურებას მეტი ინფორმაცია სჭირდება, მაგრამ სხვა რა შეიძლება იყოს, მე ცოტა ძნელად წარმომიდგენია”, - განაცხადა რუხაძემ.