ეს ბრიუსელის მხრიდან არახალია. როდესაც ვხედავთ კრიტიკას, ამ კრიტიკას უნდა მოჰყვებოდეს ჯანსაღი დისკუსია, რომელსაც წლების განმავლობაში ვითხოვდით, დღესაც ვითხოვთ და ამ დისკუსიაში ისინი ვერ შემოდიან , - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კირცხალიამ კალასის განცხადებას ცალმხრივი უტიფარი განცხადება უწოდა.
“ვერც ბრიუსელში ვერ შემოდიან დისკუსიაში, ვერც მათი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ვერ შემოდიან ამ დისკუსიაში და ვერც ის აგენტურა ვერ შემოდის დისკუსიაში, რომელსაც ისინი მართავენ და ესენიც ყურმოჭრილი მონებივით ემორჩილებიან და იმართებიან, ვინც ე.წ. ოპოზიცია დაირქვა.
ძალიან რთულია, შეხვიდე დისკუსიაში, ძალიან რთულია, როდესაც ქართველებს ეტყვი და მოსთხოვ, რომ თურმე გამჭვირვალეობის კანონი არ უნდა მიიღო და თურმე გაუმჭვირვალობაზე გადის ევროპული გზა. ძალიან რთულია დისკუსიაში შემოსვლა, როდესაც ეუბნები ქართველს და ნებისმიერ თავმოყვარე ერს, რომელიც რწმენაზე, ღირსებასა და თავმოყვარეობაზეა დაფუძნებული, რომ ე.წ. ლგბტქ კამპანიის აკრძალვა თურმე არაევროპულია. ძალიან რთულია დისკუსიაში შემოსვლა, როდესაც შენ ეუბნები ქართველებს, რომ იუსტიციის სახლში კაცს შეუძლია მივიდეს და ქალად გადაკეთდეს ან პირიქით, ქალი კაცად გადაკეთდეს. ძალიან რთულია, დისკუსიაში შემოხვიდე, როდესაც შენ ეუბნები ქართველებს, რომ თურმე აქ უნდა დავუშვათ და ეს არის ევროპელობა, რომ თურმე ერთსქესიანთა ქორწინება უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში. ამ კანონებზე აქვთ საუბარი, ამის გაუქმება უნდათ წლებია უკვე და ამაში ვერ შემოდიან დისკუსიაში.
ძალიან რთულია, შეხვიდე დისკუსიაში სახელისუფლებო გუნდთან და საზოგადოებასთან ქვეყანაში, სადაც შენ ეუბნები ქართველებს, რომ თურმე პოლიციელის დაწვა, ადმინისტრაციული შენობების დაწვა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა და რევოლუციური სცენარები არის თურმე გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება.
რთულია ამის თქმა და ამის მტკიცება ქართველებისთვის და ნებისმიერი თავმოყვარე, მოაზროვნე ერისთვის და რა თქმა უნდა, ასეთ უტიფარ განცხადებებს ვისმენთ.
ძალიან რთულია დისკუსიაში შესვლა, როდესაც დაბრენდეს ეს [კანონი გამჭვირვალეობის შესახებ] “რუსულ კანონად”. ესენი არიან ერთ-ერთი ავტორები და ეს ჩვენი აგენტურა თანაავტორი იმ დიდი აფერისა, რომელსაც “რუსული კანონი” დაარქვეს. ძალიან რთულია დისკუსიაში შესვლა, რომ ჰკითხო, თუ რატომ არის ეს რუსული და აგიხსნან. მხოლოდ და მხოლოდ ვისმენთ ცალმხრივ უტიფარ განცხადებებს.
სწორედ ასეთი უტიფარი განცხადებები აყენებს ჩრდილს მათ რეპუტაციასა და იმ ღირებულებებს, რა ღირებულებაზეც იდგა ევროკავშირი. სწორედ ამიტომ ვხედავთ კვლევებს, სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოში, მათი ნდობის, მათი რეიტინგისა და ზოგადად, პოლიტიკური ხედვის მიმართ, არამედ თავად ევროკავშირში ვხედავთ ამ კვლევებს, თუ რა შთაბეჭდილებები და რა შეხედულებები აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობას იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელ პოლიტიკასაც ეწევა დღეს ის პოლიტიკური მმართველი ელიტა ბრიუსელში”, - განაცხადა კირცხალიამ.