ბალანსის პოლიტიკა პატარა ქვეყნისთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომელიც ისტორიულად ჩაჭედილი არის დიდ სახელმწიფოებს შორის, მაგრამ როდესაც შენ უკვე ართულებ ურთიერთობებს, ვერც იქ ალაგებ და ვერც აქ, რანაირი ბალანსია ეს? ბალანსი არც ის არ არის, როდესაც ვინმესთან იფუჭებ ურთიერთობას, ბალანსი ის არის, როდესაც ინარჩუნებ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
წერეთელმა ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზეც ისაუბრა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაც შეაფასა, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა.
წერეთელის თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან ბოლომდე არ წყვეტს კავშირს და დაკავშირებადობაზე საუბარი ამიტომაც გააქტიურდა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე განიხილა რუსეთის გადაწყვეტილება, ბაზარზე ქართული კომპანიების პროდუქტების შეზღუდვის შესახებ და აღნიშნა, რომ რუსულ ბაზარზე დაყრდნობა ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს.
„მაინც მუშაობს ის ეფექტი, რომ საქართველოს დამზოგავი რეჟიმი აქვს, თითქოს ბოლომდე ხელის გაშვება არ ხდება, ბოლომდე ყველაფრის ჩაჭრა არ ხდება. მე ეს კარგად ვიცი, რადგან ამ ადამიანებთან ხშირი ურთიერთობა მაქვს, მათ პერიოდულად საგარეო არენაზე ვხვდები და სიმართლე გითხრათ, განსხვავებული განწყობები არავის აქვს. ყველას აქვს დიდი სინანული იმიტომ, რომ ყველამ იცის, ეს მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები ძალიან მკაცრია, ამ ბოლო გადაწყვეტილებასაც დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, რაც ძალიან მკაცრი, პიროვნული სანქცირების მოთხოვნას გულისხმობს და, პრაქტიკულად, საქართველო პოლიტიკურად ამოვარდნილია ამ პაკეტიდან, სადაც მას აღარ ახსენებენ. გარდა იმისა, რომ ვკარგავთ ძალიან დიდ პერსპექტივას, კონკრეტულ ხელშესახებ რაღაცებს ვკარგავთ და უარესის მოლოდინი გვაქვს, თუ ეს ასე გაგრძელდა, მთლიანად ჩაიჭრება ევროკავშირთან გზები, თუმცა, ამას ბოლომდე არ ჭრიან. კაია კალასის განცხადებაც ეს იყო. აი, ეს რაღაც რომ არ დასრულდეს, ამიტომ არის ამ დაკავშირებადობაზე საუბარი, რომ საქართველოს ფუნქციამ იარსებოს. არის რაღაც პროექტები, იქ ენერგეტიკული გზებია. ბევრი ისეთი პროექტია, რაც რეგიონულ მასშტაბებს ცდება და თუ უკრაინაში ომი დასრულდა, აქ კიდევ უფრო დიდი პერსპექტივები გაიშლება. ყოველ შემთხვევაში, თუ რუსეთის მადა მკვეთრად შემცირებული იქნება“, - განაცხადა წერეთელმა.
წერეთელის თქმით, ახლა საქართველოს საგარეო პოლიტიკა გაუგებარია, რადგან ერთდროულად დასავლეთთან და რუსეთან კარგი ურთიერთობები შეუძლებელია.
ამასთან, მან სავაჭრო ურთიერთობებში ევროკავშირისა და რუსულ ბაზრებზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსულ ბაზარზე დაყრდნობა ქვეყანას ერთ დღეს კატასტროფას მოუტანს.
„ეს ბალანსის პოლიტიკა პატარა ქვეყნისთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომელიც ისტორიულად ჩაჭედილი არის დიდ სახელმწიფოებს შორის, მაგრამ როდესაც შენ უკვე ართულებ ურთიერთობებს, ვერც იქ ალაგებ და ვერც აქ, რანაირი ბალანსია ეს? ბალანსი არც ის არ არის, როდესაც ვინმესთან იფუჭებ ურთიერთობას, ბალანსი ის არის, როდესაც ინარჩუნებ. ახლა შვეიცარიასავით ვერ ვიქნებით, მაგრამ თითქოს ბალანსი, რომ რუსებთანაც კარგად ვიყოთ და დასავლეთთანაც, არ გამოდის ასე.
როგორ შეიძლება რუსეთის ეკონომიკაზე დაყრდნობა, როგორ შეიძლება ევროპასთან დაშორება, როდესაც ყველაზე დიდ ბაზარს შორდები და ამ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობით არ სარგებლობ? გაზარმაცების ამბავია რუსული ბაზარი, ხარისხზე ნაკლები ზრუნვა სჭირდება და თითქოს უფრო იოლია ეს ამბავი. რუსულ ბაზარზე დაყრდნობა ერთ დღეს კატასტროფას მოიტანს.
ამაზე რომ ვსაუბრობთ, კომენტარები იწერება ხოლმე, თქვენ დროს ასე არ იყოო? ხან იმას ახსენებენ, საზღვარი რომ გაიხსნა... მაშინ, როდესაც რუსებს, როგორც ტურისტებს ეპატიჟებოდნენ, საქართველო რუსეთისკენ არ მიდიოდა. საქართველო მიდიოდა დასავლეთისკენ, ძალიან მკაფიოდ და ძალიან მყარად. ეს არის განსხვავება დღევანდელ დღესა და მაშინდელს შორის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.