საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბმა ერთი წლის შედეგები შეაჯამა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც 2025–2026 წლებში განხორციელებული პროექტები, ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების შედეგები და ქართველი მოსწავლეების მიღწევები წარადგინეს.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი 2025 წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, თიბისის მხარდაჭერით დაფუძნდა. მისი მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ერთიანი ეკოსისტემის განვითარება, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, ეროვნული ნაკრებების პროფესიული მომზადება და საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა.

2026 წელს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებებმა ოთხ საერთაშორისო ოლიმპიადაზე 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი, ასევე 4 საპატიო სიგელი მოიპოვეს. ქართველმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI), ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOI), ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI) და ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI).

განსაკუთრებით აღსანიშნავია ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI 2026), რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი, ასევე 1 საპატიო სიგელი მოიპოვა. ოქროს მედლების მფლობელები ნიკოლოზ გეგენავა და გიორგი მაისურაძე გახდნენ.

ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOI 2026), რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩატარდა, ანდრია ვასაძემ ვერცხლის, ხოლო ვლადიმერ ფრანგიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ნიკოლოზ მელიქიშვილი და მათე რეხვიაშვილი საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI 2026), ლიეტუვის ქალაქ კაუნასში, რიჩარდ ბარბაქაძემ და დიმიტრი შენგელიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI 2026), რომელიც იტალიაში გაიმართა, გვანცა ხვედელიძე ბრინჯაოს მედლით, ხოლო თაკო შანავა საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ.

ჰაბის პირველი წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში - OLYINFO, რომელშიც 3 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პირველი და მეორე ტურების შედეგად ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში 340 ფინალისტი გამოვლინდა, ხოლო გამარჯვებული 40 მოსწავლე გახდა. ოლიმპიადა მიზნად ისახავს ინფორმატიკის პოპულარიზაციას, მოსწავლეებში პროგრამირებისა და ალგორითმული აზროვნების უნარების განვითარებას და ახალი ტექნოლოგიური ტალანტების გამოვლენას.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს ისტორიული შედეგები საერთაშორისო ტექნოლოგიურ ოლიმპიადებზე. 1996–2026 წლებში ოთხ ოლიმპიადაზე (EGOI, EJOI, IOAI, IOI) საქართველოს წარმომადგენლებმა ჯამში 13 ოქროს, 25 ვერცხლისა და 72 ბრინჯაოს მედალი, ასევე 6 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს მოსწავლეთა ოლიმპიადების ორგანიზებას, ეროვნული ნაკრებების შერჩევასა და მომზადებას და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას. მისი საქმიანობა მიმართულია ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ, მოსწავლეთა მოტივაციის გაძლიერებისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმომადგენლობის განვითარებისკენ.

ჰაბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და თიბისის თანამშრომლობით, პარტნიორი და მხარდამჭერი ორგანიზაციების ჩართულობით ფუნქციონირებს. მათ შორის არიან გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), საქართველოს ICT ასოციაცია, EPAM, Lineate, ბლოქსი და მაკდონალდსი.

(R)

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში