ბათუმში, ბესიკის ქუჩის #81-ში მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ

ბათუმში, ბესიკის ქუჩის #81-ში მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე 26-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რამაც მომიჯნავე სახლებისა და ეზოების დაზიანება გამოიწვია. მოსახლეობა ბათუმის მერიისგან საკითხის შესწავლას და იმის დადასტურებას ითხოვს, რომ სამუშაოები მათი საცხოვრებელი სახლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„მშენებლობის შეჩერებას ვითხოვთ. ბათუმის მერიამ საკითხი შეისწავლოს და შესაბამისი კვლევა დადოს, რომ სახლები უსაფრთხოდაა. 1200 კვადრატულ მეტრზე 26 სართული შენდება. მშენებელს სასაცილო არგუმენტი ჰქონდა, გვითხრა: დამიმტკიცე, ჩემგან რომ არის ზიანი მოყენებულიო… დაზიანებულია ეზო და სახლი, შიშით ვცხოვრობთ“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები თემურ ჯიჯავაძე.

აღნიშნულ საკითხს ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ლელო - საქართველოსთვის“ წევრი ვაჟა დარჩია გამოეხმაურა, რომელიც ადგილობრივების პროტესტს შეუერთდა. მისი განცხადებით, პროექტი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში მიმდინარეობს, თუმცა რეალურად მშენებლობა მომიჯნავე ნაგებობებს თავად აქცევს ავარიულად, რაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივ მერიას ეკისრება.

საკრებულოს წევრის, ვაჟა დარჩიას განმარტებით, კომპანია ტერიტორიაზე, სადაც მანამდე ავარიული სახლები აიღო, 26-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს, სამუშაოების დაწყების შემდეგ კი მეზობელი სახლებიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„კომპანია 26 სართულის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობის ადგილზე სახლები ავარიული იყო, რომლებიც აიღეს, თუმცა უცებ შეიქმნა რეალობა, რომ ამ სამუშაოების შედეგად, მომიჯნავე სახლებიც ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მერია თითქოს მოქალაქეებზე ზრუნავს და აცხადებს, რომ არ აპირებს, მოსახლეობამ ავარიულ სახლებში იცხოვროს, თუმცა ისეთი პროექტები მიმდინარეობს, რომ სახლები, რომლებიც საერთოდ არ იყო ავარიული, ავარიულ მდგომარეობამდე მიჰყავთ… აქ მერიის პასუხისმგებლობაა. მოსახლეობა ითხოვს, შეჩერდეს მშენებლობა და მოხდეს იმის დამტკიცება, რომ ეს პროცესი მათი საცხოვრისისთვის უსაფრთხო იქნება“, - აცხადებს ვაჟა დარჩია.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში