„ოცნება“ ევროკავშირს სხვა გზას აღარ უტოვებს, ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველა კარი ჩაკეტონ - რას აკეთებს იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდეს?! უტოვებს სხვა გზას ევროკავშირს, გარდა იმისა, რომ ასეთ რადიკალურ ზომებზე დაიწყოს საუბარი?! არ უტოვებს! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა,
მისივე თქმით, ევროინტეგრაციის შეჩერებაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“, თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები „გამოდიან და ევროკავშირს აქეთ ამუნათებენ, თითქოს, ევროკავშირი ამბობს უარს დიალოგზე“.
შარაშიძე ამბობს, რომ ევროკავშირის რეაქცია უფრო მწვავე აქამდეც უნდა ყოფილიყო.
„იმ ყველაფერზე, რაც ხდება, პასუხისმგებელი არის „ოცნება“. პირველ რიგში, იმის გამო, რომ ის საკუთარი ნაბიჯებით უარს ამბობს საქართველოს ევროპულ მომავალზე, შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე და მეორე - საკუთარი პოლიტიკური განაცხადით უარს ამბობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე (გახსენებთ ირაკლი კობახიძის ცნობილ განცხადებას). ეს პროცესი ყოველდღიურად უფრო მძიმდება. კითხვა ჩნდება, სად არის ზღვარი, სად შეიძლება „ოცნება“ გაჩერდეს?! შეიძლება ვიღაცას კიდევ გონია, რომ მაინც არის დარჩენილი მცირედი რესურსი და ყოველ დღე რაღაც ისეთს ვიგებთ, რომ ეს მცირედი რესურსიც არ არის. მაგალითად, პარტიების აკრძალვა, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამ სიაში შეყვანა. გუშინ იყო მაგალითად, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კირცხალიას გამოსვლა. გამოდიან და ევროკავშირს კიდევ აქეთ ამუნათებენ, თითქოს, ევროკავშირი ამბობს უარს დიალოგზე, თითქოს, მათ რაღაც აქვთ სათქმელი და რა აქვთ სათქმელი?! როგორ უნდა ელაპარაკონ ევროკავშირს აკრძალული პარტიებით, იმ სასამართლოთი, რაც გვაქვს?!
თავად „ოცნება“ უბრალოდ სხვა გზას აღარ უტოვებს ევროკავშირს. ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველა კარი ჩაკეტონ. სურთ, შიდა პროპაგანდისთვის დაიტოვონ გზავნილი, რომ ეს თურმე, იმიტომ ხდება, რომ „ოცნება“ კი არ არის დამნაშავე და მოღალატე, არამედ ევროკავშირია ცუდი. აქამდეც, რა თქმა უნდა, უფრო მწვავე უნდა ყოფილიყო ევროკავშირის რეაქცია. თქვენ იცით ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია იცით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სანქციები არ უნდა შეეხოს ქართველ ხალხს. საკითხი დგება ხოლმე, პირველ რიგში, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლა ქართველი ხალხის მონაპოვარია და არა რომელიმე მთავრობის. არ უნდა დავუშვათ, რომ კონკრეტული ადამიანების დანაშაულების, კორუფციის, დემოკრატიული უკუსვლის გამო, ქართველმა ხალხმა ეს მონაპოვარი დაკარგოს. კარგად იცით, ჩვენ ამაზე სულ ვმუშაობთ როგორც თბილისში ასევე ევროპულ დედაქალაქებში, რომ ეს შენარჩუნდეს, მაგრამ მეორე მხრივ, თავად „ოცნება“ რას აკეთებს?! უტოვებს სხვა გზას ევროკავშირს, გარდა იმისა, რომ ასეთ რადიკალურ ზომებზე საუბარი დაიწყოს?! არ უტოვებს!
რაც შეეხება დაკავშირებადობას - დიდი ბოდიში, შავი ზღვა რომ გვაქვს და ის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც გვაქვს, ეს „ოცნების“ დამსახურებაა?! ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა. ეს საქართველოს ბუნებრივი უპირატესობაა. ჩვენ „ოცნება“ იმაზე გველაპარაკოს, ამ ბუნებრივ უპირატესობას და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას როგორ აგრძელებს. ამაზე გველაპარაკოს, თორემ საქართველო როგორც გეოგრაფიული დამაკავშირებელი რეგიონი ყოველთვის იყო, არის და იქნება საინტერესო მთელი მსოფლიოსთვის. „ოცნება“ რას აკეთებს ამისთვის, ეს არის აქ მთავარი,“ - განაცხადა შარაშიძემ.
ამასთან, მან შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებები, მათ შორის, გზავნილი, რომ „საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე, თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ამ ღირებულებებს, მაშინ გვითხრას, რას უწუნებს“ და აღნიშნა, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადებები „სრული უტიფრობაა“.
გიორგი შარაშიძე კითხვას სვამს, ვინ და როდის მიგვანიშნა იმისკენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ქრისტიანულ ღირებულებებს რამე საფრთხეს უქმნის.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ურთიერთობას რუსეთთანაც ვერ ალაგებენ და ქართული კომპანიების ნაწილის წარმოებაზე ემბარგოს დადება სწორედ ამას ადასტურებს.
„პაპუაშვილის განცხადება არის მორიგი სრული უტიფრობა. სხვა მეტი არაფერი. ქრისტიანული ღირებულები საერთოდ რა შუაშია?! ვინ და როდის მიგვანიშნა იმისკენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ქრისტიანულ ღირებულებებს რამე საფრთხეს უქმნის?! და რომელიმე წევრ ქვეყანას ეს საფრთხე ოდესმე შეექმნა?! პირიქით, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ღირებულებებით, მათ შორის, ქრისტიანული, ეროვნული, ქართული ტრადიციული ღირებულებებით უნდა გავამდიდროთ და გავამრავალფეროვნოთ ევროპული ოჯახი. ეს არის კიდევ ერთი მინიშნება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავინ არაა არაფრის დამლაგებელი.
ეს, ამავე დროს, უკავშირდება იმ ცნობილ ამბავს, რაც რუსეთმა შემოგვითვალა. რუსეთთანაც ვერ ალაგებენ. ანუ, იმის მიუხედავად, რომ ყველაფერზე დათანხმდნენ, იმაზე მეტზეც დათანხმდნენ, ვიდრე შეიძლება ამას რუსეთი ითხოვდა, დღეს რუსეთი მაინც მთავარ ბერკეტს იყენებს - ემბარგოს. ეს კითხვებს არ აჩენს?! რა თქმა უნდა, „ოცნება“ პირდაპირ კოლაბორაციაშია რუსეთთან. რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკას რომ პრაგმატულ პოლიტიკას უწოდებს, პირდაპირ მტკიცდება, რომ ეს აბსოლუტურად არაპრაგმატულია, არანაირი პრაგმატიზმი აქ არ არის. ეს არის პირდაპირი კოლაბორაცია და რა თქმა უნდა, როდესაც შენ სუსტდები, არ გაგაჩნია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, არ გყავს პარტნიორები, შესაბამისად, უფრო მეტად მოწყვლადი ხდები რუსეთის გავლენის ქვეშ. რა თქმა უნდა, ეს რუსეთმა კარგად იცის. ამიტომაც ხდება ამ მოთხოვნების წამოყენება. რუსეთი როცა ხედავს, რომ ემორჩილები, მით უფრო მეტს ითხოვს, ცხადია.
რუსეთი ღია მოწოდებას ავრცელებს და სურს, საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. აბა, სხვა არაფერი არ არის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება, ამაზე მეტი მოთხოვნა რაღა უნდა იყოს?!,“ - განაცხადა შარაშიძემ.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ემბარგოს დადებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები პირდაპირ ადასტურებს, რომ ისინი რუსეთთან კოლაბორაციაში არიან.
შარაშიძის თქმით, შესაძლოა, აღნიშნული საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთთან კორუფციით მოაგვაროს.
„[გამოხმაურებები ხელისუფლების მხრიდან] პირდაპირ ადასტურებს, რომ კოლაბორაციაში არიან [რუსეთთან]. რას გაერკვევიან?! მტერთან, საქართველოს ოკუპანტთან რა უნდა გაარკვიონ?! რა თქმა უნდა, ერთადერთი ვარიანტია, რასაც ისინი ამაში გულისხმობენ, რომ ისევ კორუფციული გზით [მოაგვარონ]. მე შენ გეტყვი რუსეთთან არ გამოდის თუ რა?! სავარაუდოდ, ამას გულისხმობენ. რა უნდა გაარკვიონ?! ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ემბარგო არანაირი ხარისხიდან გამომდინარე არ არის. ეს არის პირდაპირ სიგნალი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ „ოცნება“ არ გააგრძელებს რუსეთის საქმის კეთებას ისე, როგორც რუსეთი ითხოვს (და როგორც ჩანს, უფრო მეტს ითხოვს, იმიტომ, რომ აქამდე ძალიან ბევრი დაუთმო „ოცნებამ“) რა თქმა უნდა, მათი მხრიდან მიღებული ზომებიც უფრო მკაცრი იქნება. რა უნდა დაალაგონ, რისი დამლაგებლები არიან?! ამ კორუმპირებულმა და არაკომპეტენტურმა „ოცნებამ“ რა უნდა დაალაგოს რუსეთთან?! თუ დაალაგებს ისევ კორუფციით, ფულის შეთავაზებით და ა.შ.
რაც შეეხება ამ ქართულ კომპანიებს - დიდი ბოდიში, კი ბატონო, მათ თავისი საქმე იციან და არავინ ერევა, მაგრამ მტრის ბაზარზე შეიძლება იყო დამოკიდებული?! კომპანია რომ ხარ, ხომ უნდა გესმოდეს, რომ კი, შეიძლება ეს იყოს გასაღების ერთ-ერთი ბაზარი, მაგრამ არა ერთადერთი,“ - აღნიშნა შარაშიძემ.
გარდა ამისა, გიორგი შარაშიძემ გადაცემაში ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის სურვილზე იმის თაობაზე, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვიდან მისი თვითაცილება მომხდარიყო, რა შუამდგომლობაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ისტორიულად დანაშაულებრივ საქმეში, ასეთი ძალადობით, გავლენების გამოყენებით, მოსამართლეებს სასურველი გადაწყვეტილების მიღება აიძულოს.
შარაშიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიაღებინოს.
„სასამართლომ მანანა კობახიძე საქმეს არ ჩამოაშორა იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, მმართველობის ის მოდელი, რაც „ოცნებამ“ და ივანიშვილმა შექმნა, გულისხმობს იმას, რომ ყველა უნდა იყოს გასვრილი და არ უნდა არსებობდნენ გამონაკლისები, მათ შორის, მათი ყოფილი თანაგუნდელები. უნდათ, ისტორიულად დანაშაულებრივ საქმეში ასეთი ძალადობით, გავლენების გამოყენებით, აიძულონ მოსამართლეები, რომ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც „ოცნებას“ სურს. ძალიან დიდი ალბათობით, „ოცნება“ ამ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე ბოლომდე მიიყვანს. სხვა საქმეა, საბოლოო ჯამში, რამდენად მოხდება ეს მათთვის სასარგებლოდ, დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, მაგრამ თავად „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიაღებინოს. ეს არის სამწუხარო რეალობა. რაც შეეხება თავად მანანა კობახიძემ რატომ გააკეთა [ეს] - როგორც ჩანს, ყველა ცდილობს ეძებოს არგუმენტი, მცირედი ბერკეტი თუ აქვს ვინმეს, ამის გამოყენებას. რა თქმა უნდა, ლოგიკა არის მის არგუმენტაციაში, თუმცა გასაგებია, რომ „ოცნება“ ამას არ დათანხმდება,“ - განაცხადა შარაშიძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დეპუტატმა გადაცემაში ისაუბრა, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის 415 ლარამდე გაზრდაა. როგორც შარაშიძემ აღნიშნა, გაზრდილი ფასების ფონზე, პენსიის ჯამში, 45-ლარიანი მატება, ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.
„პენსიის 20 ლარით ზრდა, ინდექსაციის მიხედვით, კანონში არის ჩადებული ვალდებულება. ყოველ წელს ისედაც იზრდება პენსია 20 ლარით. დანარჩენი არის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული. მინდა დავაზუსტო, რომ რეალურად, ზრდა არის 25 ლარით და არა 45 ლარით. ჯამში არის 45 ლარი, მაგრამ 20 ლარით ზრდა ისედაც არის კანონით გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უტიფარი, არაკომპეტენტური და კორუმპირებული ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ამით ერთი მხრივ, ფონი შექმნან, თითქოს რაღაც კარგი გააკეთეს, მაგრამ სინამდვილეში, ეს 25 ლარი, გაზრდილი ფასების ფონზე, ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს,“ - აღნიშნა მან.