თითქოსდა მშვიდობის სანაცვლოდ, რუსეთს დაუთმეთ იმაზე მეტი, რასაც ითხოვდა. მაგრამ მუდამ გახსოვდეთ, რაც მეტს დაუთმობთ, უფრო მეტს მოგთხოვთ. როგორც სჩვევია, არ დაგინდობთ, არასდროს! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ინტერესი საქართველოს დასავლეთისგან ჩამოშორება და საქართველოში დემოკრატიის სამუდამო დაკნინებაა.
„ქართული ღვინოები და მინერალური წყლები რუსეთში სანიტარული ნორმების უსაფრთხოების დაცვის სახელით აკრძალვაში მოჰყვა. რუსეთის ფედერაციის მიერ ამოქმედებულმა ემბარგომ, ალბათ მწარედ გამოვლილი წარსული გაგახსენათ. ევროპულ ბაზრებზე ქართული ღვინის კომპანიების შესუსტება და რუსულ ბაზარზე ხვედრითი წილის გაზრდა დიდ მიღწევად მიგაჩნდათ, რაც არასწორია იმდენად, რამდენადაც რუსული ბაზარი ყველაზე არასტაბილური, არასაიმედო და პოლიტიზებული ბაზარია, რომელზე დამოკიდებულებაც ისეთი სტრატეგიული დარგისთვის როგორიც მეღვინეობაა, სახელმწიფოს და ეროვნული უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ისევე როგორც ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების მნიშვნელოვანი გაზრდა. არც ის გაგიკვირდეთ, რომ ძალიან მალე, შეზღუდვა სხვადასხვა ქართულ პროდუქციაზეც დააწესონ. მაგალითად საქართველოში წარმოებულ ციტრუსზე, ხილზე, ბოსტნეულზე და ა.შ. უფრო მეტიც, ემბარგო რა მოსატანია, როდესაც რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდა დაადგინოს სახელმწიფო საზღვრები ე.წ. აფხაზეთისა და ცხინვალის რეჟიმებთან და ფაქტობრივად, ამ მოწოდებით რუსეთი საქართველოს სამ სახელმწიფოდ დაშლის გაფორმებას სთხოვს. არის თუ არა ეს ქართული სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევა? - რა თქმა უნდა არის. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისგან, ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვსმენია არცერთი საჯარო განცხადება ბოდიშს და დანაშაულებრივ დუმილის თუ არ ჩავთვლით 2026 წლის 9 მაისის ე.წ სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
თითქოსდა მშვიდობის სანაცვლოდ, რუსეთს დავუთმეთ იმაზე მეტი, რასაც ითხოვდა. მაგრამ მუდამ გახსოვდეთ, რაც მეტს დაუთმობთ, უფრო მეტს მოგთხოვთ. როგორც სჩვევია, არ დაგინდობთ, არასდროს! ეს იყო ადრეც, ესე იქნება ახლაც და ასე იქნება მუდამ, მომავალში! სამწუხარო რეალობა არის ის, რომ თქვენ ვერ შეძელით რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და საქართველოს ვერც პოლიტიკური, ვერც ეკონომიკური და ვერც ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მაგრამ სამაგიეროდ, ამავე დროს, გაიფუჭეთ ურთიერთობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, აშშ-სა და ევროკავშირის სახელმწიფოებთან.
რუსეთის ინტერესი საქართველოს დასავლეთისგან ჩამოშორება და საქართველოში დემოკრატიის სამუდამო დაკნინება გახლავთ. ამ ორ ინტერესის რეალობად ქცევას თქვენ ეროვნული საქმე უწოდეთ, ხოლო დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციასა და დემოკრატიის გაძლიერებას კიდევ ცალფეხზე დგომა დაარქვით და ასეთი ქმედებებით საქართველო ფაქტობრივად, ოკუპანტი რუსეთის სახელმწიფოს წინაშე ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერის გარეშე არის დარჩენილი.
გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხსაც შეეხნენ, თუმცა 20-დღეში, ევროკომისია გაფართოების ანგარიშს წარადგენს, რომელიც შეაფასებს კანდიდატი ქვეყნების, ამ შემთხვევაში, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, რეფორმებს, დემოკრატიულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობას.
თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მაშინ როდესაც „დემოკრატიულ“ სახელმწიფოში ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერის სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, დაწყებულია პოლიტიკური პროცესი ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ქვეყანას ჰყავს უკანონო პოლიტპატიმრები, იდევნება განსხვავებული აზრი და ა.შ ყოველივე ეს რამდენად უარყოფითად აისახება მსჯელობის და შეფასებების დროს?! ეს არის პირდაპირ გზავნილი იმისა, რომ საქართველო წყვეტს ევროკავშირთან ურთიერთობას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. საერთოდ არ შიშობთ, რომ ასეთმა არასწორმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ისეთი გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს, რომ გააზრებაც კი ვერ მოასწროთ. მხოლოდ ემბარგო და რუსულ ბაზრებზე შესვლის შეზღუდვა აქ რა მოსატანია, მაშინ როდესაც საკითხი და პრობლემა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ისტორიული ქართული მიწების დაცვას ეხება. შთაბეჭდილება მრჩება რეალობის სიმძიმე ბოლომდე არ გაქვთ გააზრებული“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.