45 ლარით პენსიის გაზრდა, 2 კგ ხორცის ღირებულებით გაზრდაა - საქმე გვაქვს შემდეგთან: „ქართულ ოცნებას“, როგორც ავტორიტარულ რეჟიმს სურს, რომ მოსახლეობა სიღატაკესა და სიღარიბეში იყოს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება.
სიორიძის თქმით, გვყავს „რეჟიმი, რომელიც თრგუნავს დემოკრატიას, ასრულებს რუსეთის დავალებებს, ანტიდასავლურ პოლიტიკას ეწევა და ძალადობაზე დგას, შესაბამისად, სჭირდება ღარიბი, მოწყვლადი საზოგადოება, რომელსაც არჩევნების მიზნით გამოიყენებს და მარტივად მართავს“.
„საქართველოში პენსიონერ ადამიანებს ისე უჭირთ, რომ მათთვის ნებისმიერი დანამატი, 20 ლარის დანამატიც კი არის ძალიან დიდი შვება. ეს არის ერთი მხრივ იმის დასტური, რამდენად სიღატაკეში ცხოვრობს ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი.
45 ლარი პენსიის 2 კგ ხორცის ღირებულებით გაზრდაა - იმ მიზერული პენსიის, რომელიც საშუალოდ 10-ჯერ ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებში პენსიონერის მიერ ასაღებ თანხას. მეორე მხრივ, ცინიკურია კობახიძის განცხადება, რომ თურმე ახლა რაღაც ზღვარს მივაღწიეთ, რომლის იქითაც ეკონომიკური ზრდა შეფერხდება, ამის იქით არ უნდა ელოდოთ პენსიის ზრდასო.
გვქონდა შემუშავებული გეგმა, რომ 1000 ლარამდე უნდა გაზრდილიყო პენსია საქართველოში, ეს შესაძლებელია ნაცვლად იმ მიზერული 45 ლარისა. მიზერულად 148 მილიონს დამატებით გამოვყოფთო, მაშინ, როდესაც 600 მილიონს შტატგარეშეებისთვის ხარჯავენ.
საქმე გვაქვს შემდეგთან: „ქართულ ოცნებას“, როგორც ავტორიტარულ რეჟიმს სურს, რომ მოსახლეობა სიღატაკესა და სიღარიბეში იყოს. ამას მარტივი ახსნა აქვს, ასეთი რეჟიმი, რომელიც თრგუნავს დემოკრატიას, ასრულებს რუსეთის დავალებებს, ანტიდასავლურ პოლიტიკას ეწევა და ძალადობაზე დგას, სჭირდება ღარიბი, მოწყვლადი საზოგადოება, რომელსაც არჩევნების მიზნით გამოიყენებს და მარტივად მმართავს“,- აღნიშნა გიორგი სიორიძემ.
რაც შეეხება კორუფციასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას, როგორც გიორგი სიორიძემ აღნიშნა, პრემიერის მხრიდან ცინიკურია იმის თქმა, რომ „12 000 ლარზე ნაკლები რომ გადაუხადონ მაღალი თანამდებობის პირებს, ამით პირდაპირ წაახალისებენ კორუფციას“.
„კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ 12 000 ლარზე ნაკლები რომ გადავუხადოთ მაღალი თანამდებობის პირებს, ამით პირდაპირ წავახალისებთ კორუფციასო. ხვდებით, რა ცინიკური ნათქვამი არის იმ ხელისუფლების, მმართველი ძალის წარმომადგენლისგან, რომლის წინამორბედი არის მსჯავრდადებული უმძიმეს კორუფციულ დანაშაულში. მაღალი თანამდებობის პირებს ისეთი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, რომელიც არის მინიმალური სტანდარტის დამაკმაყოფილებელი და არა ისე, როგორც 90-იან წლებში.
კორუფცია „ქართულმა ოცნება“ სულ სხვა მასშტაბზე აიყვანა, სულ სხვა სტანდარტი დაამკვიდრა. როდესაც ვამბობდით, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფციაა, მათი, თვითონ კობახიძის პასუხი იყო, რომ ფული რომ დაუდო, არცერთი წარმომადგენელი არ მოკიდებს ხელსო. ირაკლი კობახიძე ამ გუნდის წევრი იყო და ისე უნდა აგოს პასუხი, როგორც ყველა სხვამ, ვინც იღებს მონაწილეობას ივანიშვილის დანაშაულებრივი სინდიკატის საქმიანობაში“,- აღნიშნა გიორგი სიორიძემ.
გიორგი სიორიძემ ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება და შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოზიცია, რომ ყეინიშვილთან დაკავშირებულ პროცესებზე სალომე ზურაბიშვილია პასუხისმგებელი, რადგან პრეზიდენტობის დროს, სებ-ის საბჭოს წევრად ყეინიშვილის კანდიდატურა სწორედ ზურაბიშვილმა წარადგინა. სიორიძემ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ყეინიშვილს პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა ჰქონდა, აღნიშნულ კონტექსტში კი პაპუაშვილის განცხადებას „დიდი ცინიზმი“ და „ნაცრის შეყრა“ უწოდა.
„ეს ძალიან დიდი უტიფრობაა არამხოლოდ ერთი პოლიტიკოსის მხრიდან, არამედ იმ პირის მხრიდან, რომელიც ამ შემთხვევაში თავს მიიჩნევს და წარმოადგენს საკანონმდებლო ხელისუფლებას, თან განათლებით იურისტია. ის ამბობს, რომ წარმდგენის პასუხისმგებლობა ყოფილა და ამით ცდილობს პერსონალური და ინსტიტუტის პასუხისმგებლობის გაქარწყლებას, რომლის ხელმძღვანელია. თურმე იმ მხარდაჭერას მნიშვნელობა არ ჰქონდა. როგორც ცხვრებივით მოაწერა ხელი 88 დეპუტატმა პარტიების აკრძალვის სარჩელს, ასე აკეთებენ, ასე იღებენ გადაწყვეტილებას. როდესაც პაპუაშვილი გამორიცხავს პასუხისმგებლობას, ეს არის დიდი ცინიზმი, ნაცრის შეყრა“,- აღნიშნა გიორგი სიორიძემ.
ამასთან, გიორგი სიორიძე მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისგან თვითაცილების მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ყველა საღად მოაზროვნეს უნდა უნდოდეს თავის არიდება.
„წესით ყველას უნდა უნდოდეს განრიდება ამ პროცესიდან. ეს უმძიმესი გადაწყვეტილებაა, უმძიმესი პროცესია. პარტიების აკრძალვა არ არის თუნდაც რომელიმე დრაკონულ კანონთან შედარებადი, ასეთი ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს „ქართულ ოცნებას“, რაც პარტიების აკრძალვას გულისხმობს. ამას დიდი პოლიტიკური ფასი ექნება ქვეყნისთვის და იმ პირისთვის, ვინც ამაში მიიღებს მონაწილეობას, ეს მხოლოდ არ გულისხმობს საერთაშორისო, ფინანსურ და სავიზო სანქციებს, არამედ გულისხმობს უმკაცრეს ვერდიქტს საზოგადოებისგან, სამარცხვინო ადგილს საქართველოს ისტორიაში და ბუნებრივია, ყველა საღად მოაზროვნეს უნდოდეს თავის არიდება“,- აღნიშნა გიორგი სიორიძემ.