უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების, უხეში დარღვევაა და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, - ამის შესახებ გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენლმა, ანდრეი მელნიკმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის პირველი კომიტეტის დებატებზე განაცხადა.
განცხადებაში, რომელიც მელნიკმა რამდენიმე ქვეყნის სახელით გააკეთა და რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას შეეხებოდა, აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის საერთაშორისო ვალდებულებებს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის კონტექსტში გაჟღერებულ უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორ უთხრის ძირს რუსეთის ქმედებები საერთაშორისო ვალდებულებებს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. რუსეთი კვლავ არღვევს „ჰელსინკის დეკლარაციის“ პრინციპებს და უგულებელყოფს უსაფრთხოების იმ გარანტიებს, რომლებიც ბუდაპეშტის მემორანდუმით გასცა”, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში (მათ შორის, ტერიტორიულ წყლებში), ასევე უკრაინის განუყოფელი უფლებისადმი — თავი დაიცვას რუსეთის მიმდინარე უკანონო აგრესიული ომისგან, გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად. ხაზს ვუსვამთ, რომ ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით მიღწეული ტერიტორიის მოპოვება ვერ იქნება აღიარებული კანონიერად. მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს, რომლებიც იწვევს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და სამოქალაქო ობიექტების, მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთის თავდასხმები სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინისა და მისი მოსახლეობის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების ფონზე. მსგავსი თავდასხმები, რომლებიც ხორციელდება უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აღდგენისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის პარალელურად, ცხადყოფს რუსეთის ნამდვილ მიზნებსა და განზრახვებს და აჩვენებს, რომ მას არ გააჩნია აგრესიული ომის დასრულების რეალური სურვილი”, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებების ხელმომწერები მოუწოდებენ რუსეთს, დათანხმდეს ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას.
„მოვუწოდებთ რუსეთს, დათანხმდეს ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას, როგორც პირველ ნაბიჯს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აღდგენისკენ; მშვიდობისა, რომელიც პატივს უნდა სცემდეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - მათ შორის ტერიტორიულ წყლებში - გაეროს წესდების პრინციპების შესაბამისად. ხანგრძლივმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება და თავდაცვის უნარი, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსეთის აგრესიის განმეორების საფრთხე. კვლავ ვითხოვთ, რუსეთმა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ომი და უზრუნველყოს საკუთარი ძალებისა და სამხედრო ტექნიკის სრული, დაუყოვნებელი და უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადება მელნიკმა ალბანეთის, ანდორას, ავსტრალიოის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიხტენშტაინის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის, მალტას, მონაკოს, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, კორეის რესპუბლიკის, მოლდოვას, რუმინეთის, სან-მარინოს, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და უკრაინის სახელით გააკეთა.