დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ძალიან წარმატებული იქნება ბიზნესშიც, როგორც პოლიტიკაში იყო - შემიძლია 100%-იანი გარანტიით ვთქვა, რომ ის თავის ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახურებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის დაარსებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მამუკა მდინარაძეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება უწევდა, რომელიც პირდაპირ სტრესთან არის დაკავშირებული.
„მამუკა მდინარაძე გუნდის გამოკვეთილი ლიდერი იყო. ძალიან ბევრი ისეთი გადაწყვეტილების მიღება უწევდა, რომელიც პირდაპირ სტრესთან არის დაკავშირებული. მან, თავის მხრივ, ძალიან დიდი წვლილი ითამაშა იმ შენარჩუნებულ მშვიდობაში, რომელიც მთლიანად გუნდის დამსახურებაა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, თუმცა მამუკა მდინარაძის წვლილიც ამ ყველაფერში ძალიან დიდი იყო. ბიზნესში წავიდა და რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებული იქნება იგი ბიზნესშიც, როგორიც იყო პოლიტიკაში,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა. კომპანია საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია. კომპანიის დირექტორი ნინო ჭანტურიაა, 100%-იან წილს კი თავად მდინარაძე ფლობს. მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 27 აგვისტოს გააკეთა. ის ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.