პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს.
საგადასახადო შეღავათი 2029 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2033 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება და დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობა, მასთან დაკავშირებული მიწოდება და მომსახურება, თუ დაცულია „საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა პირობა.
„თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს დაუსრულებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული პირების დაკმაყოფილების პროგრამას. 12 ათასამდე ასეთი ოჯახი სხვადასხვა ფორმით უკვე დაკმაყოფილებულია. დაუსრულებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული 14 ათასზე მეტი ოჯახი იყო. იმისათვის, რათა სამშენებლო კომპანიებმა საბანკო სექტორიდან აუცილებელი დაფინანსების მოძიება და პროექტის უწყვეტად განხორციელება შეძლონ, საჭიროა საგადასახადო შეღავათის გონივრული ვადით გახანგრძლივება“, - განაცხადა მომხსენებელმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.