ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით, მთელი რიგი ჩანაწერების გადახედვისკენ მოუწოდებს

ვენეციის კომისია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის მიერ მარტში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე კრიტიკული დასკვნა წარადგინა, აცხადებს, რომ უნდა გადაიხედოს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებისა და ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, ასევე გადასახედია სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება ისეთ ქმედებებზე, რომლებიც მოიცავს ისეთ ფართო ცნებებს, როგორიცაა “საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები“, უცხოური იურიდიული პირების საქმიანობა ან გრანტის რეჟიმის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული გარიგებები.

ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, მსგავსი ქმედებები უნდა დარეგულირდეს მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, პროცედურული გარანტიების სათანადო უზრუნველყოფით, ხოლო თუ ხელისუფლება მაინც გადაწყვეტს, შეინარჩუნოს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენების მიდგომა, მინიმუმ უნდა უზრუნველყოს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელი და პროპორციულია და რომ როგორც სანქციების გამომწვევი ქმედება, ისე თავად სანქციები იყოს ზუსტად განსაზღვრული.

ვენეციის კომისია ამბობს იმასაც, რომ მარეგულირებელ ჩარჩოს აკლია სამართლებრივი განსაზღვრულობა და განჭვრეტადობა და ისეთი საკვანძო ცნებები, როგორიცაა „გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული“ საქმიანობა, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, „პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, „არალეგიტიმურობის აღქმის შექმნა“ ან „სახელმწიფოს ინტერესებისათვის ზიანის მიყენება“ ჩამოყალიბებულია ზედმეტად ფართო და ბუნდოვანი ტერმინებით.

“ეს ქმნის გაურკვევლობას იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ვრცელდება შეზღუდვები და ხელისუფლებას ანიჭებს გადაჭარბებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას. აღნიშნული ცნებები საჭიროებს დაზუსტებასა და მკაფიო, შეზღუდულ განსაზღვრებას“, - ვკითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მომავალში საქართველოში კანონმდებლობის მიღების პროცესი სათანადოდ ინკლუზიური უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი ლეგიტიმურობა და ფართო საზოგადოებრივი მიმღებლობა. კანონშემოქმედებითი პროცესი უნდა წარიმართოს მსჯელობისა და განხილვის პირობებში, სადაც დაჩქარებული პროცედურები მხოლოდ გამონაკლისს წარმოადგენს, უზრუნველყოს ყველა შესაბამისი მხარის ჩართულობა და მათი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მიღებული ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე მათთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში და დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონები არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. კომისიის შეფასებით, ამის ნაცვლად, იგი საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან მიმართებით და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში