მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე, მისი შვილის რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეში გადაყვანას ითხოვს.
როგორც ირმა დავითაძე სოციალურ ქსელში წერს, გიორგი დავითაძეს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ პროვოკაციას უწყობენ.
„გიორგისგან ახლახან გამოვიდა მარიკა არევაძე. მან გამოიტანა ეს ინფორმაცია, რომ ბადრაგები ყოველ 10–15 წუთის ინტერვალით უღებენ ე.წ. კარმუშკას და აგინებენ ცოლ-შვილს, ემუქრებიან ბავშვების გაქრობით, რის საპასუხოდაც გიორგიც აგინებს. უწყობენ პროვოკაციას, ფსიქოლოგიურს თუ ფიზიკურს... მოვითხოვ, სასწრაფოდ გადაყვანილ იქნას ლაითურის ციხეში, ვინაიდან გიორგის საფრთხე ემუქრება“, - წერს ირმა დავითაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა, გიორგი დავითაძემ ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. უწყების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.