4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საქმე ძირითად საქმეს გამოეყო.
სწორედ გამოყოფილ საქმეზე გაუფორმდებათ მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება.
არსებული ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, მათ რეალური სასჯელი 1 წლისა და 1 თვის ვადით, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდებათ.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 5 ნოემბერს დატოვებენ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
რაც შეეხებათ ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას, მათ, 5-5 წლით აქვთ თავისუფლება აღკვეთილი.