ვენეციის კომისია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - კონსტიტუციური წყობილების დაცვის ნაცვლად, ეს კანონმდებლობა მისი ფუნდამენტური შერყევის საფრთხეს ქმნის  - ხელს უშლის ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა არ ემსახურება გაცხადებულ მიზანს - დაიცვას კონსტიტუციური წყობილება კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი გზით შეცვლისგან, დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნისგან, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისგან, ომის პროპაგანდისგან, ძალადობისგან და ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური სიძულვილის გაღვივებისგან , - ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც ეხება 2025 წლის 16 ოქტომბრის ცვლილებებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლსა და შესაბამის კანონმდებლობაში(სამართლებრივი შედეგები აკრძალულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის).

კომისია განმარტავს, რომ 2025 წლის ოქტომბრის ცვლილებებით შემდგომი განვითარება მიეცა ურთიერთდაკავშირებულ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც არეგულირებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და აქედან გამომდინარე შედეგებს, როგორც თავად პოლიტიკური პარტიებისთვის, ისე იმ პირებისთვის, რომლებიც ასეთ პარტიებთან არიან დაკავშირებული.

კომისიის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას მოთხოვნით, ვენეციის კომისიამ შეაფასა 2025 წლის 16 ოქტომბრის ცვლილებები ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლში, ორგანულ კანონში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ და საქართველოს საარჩევნო კოდექსში.

“2025 წლის ოქტომბრის ცვლილებებით შემდგომი განვითარება მიეცა ურთიერთდაკავშირებულ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც არეგულირებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და აქედან გამომდინარე შედეგებს, როგორც თავად პოლიტიკური პარტიებისთვის, ისე პირებისთვის, რომლებიც ასეთ პარტიებთან „არიან დაკავშირებული“. ცვლილებები ასეთ პირებს უწესებს შორსმიმავალ და მკაცრ შეზღუდვებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობის თვალსაზრისით, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების დაფუძნების, მათში გაწევრიანების ან მათი ხელმძღვანელობის, არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის, საარჩევნო მანდატების შენარჩუნების, საჯარო ან პოლიტიკური თანამდებობების დაკავებისა და საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის კუთხით. ამავდროულად, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით შემოდის ჯარიმის სახით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც არ ასრულებენ ან ხელს უშლიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ამ სფეროში”, - აღნიშნულია დასკვნაში.

ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ 2025 წლის ოქტომბრის საკანონმდებლო პაკეტის მიღება აუცილებლობით არ იყო განპირობებული.

“მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და მასთან დაკავშირებული სანქციები, მათ შორის, გარკვეული სანქციები პარტიის იმ წევრების მიმართ, რომლებიც დემოკრატიულ სისტემას საფრთხეს უქმნიან, შესაძლოა გამართლებული იყოს მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ გარემოებებში - კერძოდ, როდესაც დემოკრატიას საკუთარი თავის დაცვის აუცილებლობა აქვს - და მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებისა და პროპორციულობის მკაცრი მოთხოვნების დაცვით, ვენეციის კომისიის მოსაზრებით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ 2025 წლის ოქტომბრის საკანონმდებლო პაკეტის მიღება ასეთი აუცილებლობით იყო განპირობებული. დაშლილ პოლიტიკურ პარტიებთან „დაკავშირებული“ პირების მიმართ დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოს აკლია სამართლებრივი განსაზღვრულობა და განჭვრეტადობა, რადგან ისეთი ძირითადი ცნებები, რომლებიც შესაბამისი შეზღუდვების ამოქმედების საფუძველს წარმოადგენს, როგორიცაა აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან „დაკავშირებული“ პირის ცნება, ზედმეტად ფართოდ და არაზუსტად არის ჩამოყალიბებული, რაც ხელისუფლების ორგანოებს გადაჭარბებულ დისკრეციას ანიჭებს. ეს ჩარჩო მძიმე შედეგებს იწვევს პირთა გაერთიანების თავისუფლებისა და საარჩევნო უფლებებისთვის. აღნიშნული შედეგები პოლიტიკური პარტიის აკრძალვას უკავშირდება ისე, რომ არ არის უზრუნველყოფილი პირის კონკრეტული ქცევის, პასუხისმგებლობისა თუ განზრახვის რეალური, ინდივიდუალური შეფასება, რაც აჩენს შეშფოთებას ასოციაციური კავშირის საფუძველზე პირისთვის ბრალის დაკისრების გამო”, - აღნიშნულია დასკვნაში.

ვენეციის კომისია განმარტავს, რომ შეზღუდვების ერთობლიობის სიმკაცრე და არაპროპორციულობა დამატებით ხარვეზს წარმოადგენს, რადგან პოლიტიკური პარტიებიდან, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობისგან, საჯარო თანამდებობებისა და წარმომადგენლობითი მანდატების ფლობისგან ერთობლივად ჩამოშორება პოლიტიკური უფლებების არსებით ბირთვს აზიანებს, ამასთან, არ არის განსაზღვრული შეზღუდვების მოქმედების მკაფიო დროითი ჩარჩო და არ არსებობს ეფექტიანი გადახედვის მექანიზმები.

“დაბოლოს, ეს ზომები საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს, რადგან კანდიდატების მოხსნამ ან მანდატების შეწყვეტამ - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს დაჩქარებული პროცედურებით, საარჩევნო პერიოდში ხდება - შესაძლოა საარჩევნო კონკურენცია და ამომრჩეველთა არჩევანის თავისუფლება დაამახინჯოს”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამ დასკვნების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა არ ისახავს მიზნად კონსტიტუციური წყობილების დაცვას კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი ცვლილებისგან, დამოუკიდებლობისთვის შექმნილი საფრთხეებისგან, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისგან, ომის პროპაგანდისგან, ძალადობისგან და ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური სიძულვილის გაღვივებისგან.

“ამის ნაცვლად, იგი საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური თავისუფლებისთვის არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს და, კერძოდ, ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მთელი საკანონმდებლო ჩარჩოს ერთობლივი და სისტემური ზემოქმედების გათვალისწინებით, მათ შორის, ბოლოდროინდელ ცვლილებებს, რომლებმაც გააფართოვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძვლები და რვა წლის ვადით აუკრძალა ნებისმიერ პირს, რომელიც „უცხოური აგენტისთვის“ მუშაობს, პოლიტიკურ პარტიაში ან „გამოცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციაში“ გაწევრიანება. ამრიგად, კონსტიტუციური წყობილების დაცვის ნაცვლად, ეს კანონმდებლობა ქმნის მისი ფუნდამენტური შერყევის საფრთხეს. იგი ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს”, - აღნიშნულია დასკვნაში.

ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ ისურვა მასთან თანამშრომლობა წინამდებარე დასკვნის მომზადების პროცესში, თუმცა აცხადევს, რომ დიალოგისთვის კვლავ ღიაა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომისია მზად არის, ამ საკითხთან დაკავშირებით შემდგომი დახმარება გაუწიოს საპარლამენტო ასამბლეას.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში