პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილება ცხოველური მიდგომაა, მორალს სცდება, - ასე ეხმაურება ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი
კახა გოგოლაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ჩანიშვნას.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ არ შეიძლება შენ ევროპულ ცივილიზაციასთან შეხება გქონდეს და პარტიების აკრძალვის შესახებ საუბარიც კი შესაძლებლად მიგაჩნდეს.
„პოლიტიკური პარტიების გარეშე როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, მე ვერ წარმომიდგენია. რანაირად ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მღება და საერთოდ რას ფიქრობს ის ხალხი, ვინც ქმნის ასეთ გარემოს საქართველოში? არსებობს ცივილიზაციური იმპერატივები, რომელსაც საფუძვლად უდევს მორალი, ცივილიზაციური ნორმები, გამოცდილება, პრაქტიკა, ხოლო თუ ამ ყველაფერს მოაშორებ, გამოდის ცხოველების სამყარო, სადაც თუ გაგივა, გააკეთებ, თუ არ გაგივა, არ გააკეთებ. დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ ამდენი წელი ვცდილობდით საქართველოში ცივილიზაციის აშენებას…. ეს ხომ ცხოველური მიდგომაა, „თუ გამივა გავაკეთებ, ძალა თუ ჩემს ხელშია, მაშინ მე გადავწყვეტ“, ეს ყველანაირ მორალს სცდება.
ევროპაში არ მომხდარა ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტია აეკრძალათ, გარდა იმისა, რაც მოხდა გერმანიაში 50-იანი წლების ბოლო, როდესაც ფაშისტური პარტია აკრძალეს, ასევე, კომუნისტური პარტია აკრძალეს, რომელიც ულტრამემარცხენე იყო. ეს ორი პარტია აკრძალეს მაშინ და ახლა იყო მცდელობა, აეკრძალათ ულტრამემარჯვენე პარია გერმანიაში. წარადგინა მთავრობამ სარჩელი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მართლაც, ანტიკონსტიტუციური მოწოდებები აქვთ, მაგრამ პრაქტიკაში არაფერი განუხორციელებიათ. ესაა ევროპული სამართლებრივი სივრცე, სადაც არ ხდება პოლიტიკური პარტიების გაუქმება, თუ კაცს არ მოკლავენ ან რაღაც კრიმინალს არ სჩადიან. როგორ აპირებს საქართველო ამის ასე თავისუფლად განხორციელებას? იმდენად ზედმეტში გადავიდა, რომ ქალბატონმა კობახიძემაც კი დატოვა საკონსტიტუციო სასამართლო. არ შეიძლება შენ ცივილიზაციასთან შეხება გქონდეს და ასეთი გადაწყვეტილებები ან ამაზე საუბარიც კი მიგაჩნდეს შესაძლებლად” , - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციონერებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.