უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ შეერთებულ შტატებს წარუდგინა წინადადებები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებების ფარგლებში მომავალი შეხვედრების შესახებ და მზად არის ამ შეხვედრებისთვის.
ზელენსკის თქმით, უკრაინა „მუდმივ კომუნიკაციაშია ამერიკულ მხარესთან“.
„ჩვენი გუნდები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. უნდა ვიმუშაოთ მშვიდობისთვის, უნდა ვეძებოთ მოქმედების შესაბამისი ვარიანტები. უკრაინა მზადაა შეხვედრებისთვის. უკრაინამ მხარი დაუჭირა ამერიკის პრეზიდენტს ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის საკითხში. რუსეთიც უნდა იყოს ამ შეთანხმების ნაწილი. უკრაინამ ამერიკულ მხარეს წარუდგინა შესაბამისი წინადადებები ჩვენი შესაძლო მომავალი შეხვედრების, მომავალი მოლაპარაკებების შესახებ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა მზადაა უახლოეს დღეებში შესახვედრად.
„ჩვენ მზად ვართ უახლოეს დღეებში შევხვდეთ და ეს წინადადება ჩემი გუნდის მეშვეობით სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს გადავეცი. უკრაინული მხარე ყოველთვის კონსტრუქციულ მიდგომას ირჩევს და ჩვენი პოზიციები ყოველთვის აბსოლუტურად ნათელია და მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობის დაცვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის მომლაპარაკებლების გუნდსა და ევროპის წარმომადგენლებს გასულ შაბათ-კვირას მაიამიში შეხვდნენ.