ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში განათლებასა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა და სტუდენტებმა განათლების სამინისტროს შენობას აგურები და ბეტონის ბლოკები ესროლეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.
„ძალადობა არ ყოფილა, არ არის და არც არასდროს იქნება გამოსავალი. ქვების სროლა, სახელმწიფო დაწესებულებებსა და პოლიციაზე თავდასხმა, ისევე როგორც საზოგადოებრივი ქონების უაზრო განადგურება, არ არის ის გზა, რომლითაც ახალგაზრდებმა საკუთარი თავი უნდა გამოხატონ“, - განაცხადა ალბანეთის ვიცე-პრემიერმა ალბანა კოჩიუმ.
სტუდენტმა ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქცია უნივერსიტეტებში არსებულ პირობებს, უმაღლესი განათლების მისაღებად არსებულ ფასებს, ფინანსურ მხარდაჭერასა და სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების პერსპექტივებს უკავშირდება. ზოგიერთმა მომიტინგემ განაცხადა, რომ სურდათ, გამოეხატათ უკმაყოფილება უთანასწორობისა და მთავრობის მიმართ.