ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია

პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების, ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ბენეფიციარებისთვის პრეპარატის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება.

„ტრიკაფტას“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებისთვის მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პრეპარატი ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. მედიკამენტი მოქმედებს უშუალოდ დაავადების გამომწვევ გენეტიკურ მექანიზმზე, აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციებს, ამცირებს დაავადების გამწვავებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს.

პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე საჭირო სამედიცინო კვლევები უკვე დაიწყეს. ფასდება ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის დაწყებისთვის მზადყოფნა. აღნიშნული პროცესი მკურნალობის უსაფრთხოდ დაწყებასა და შემდგომი სამედიცინო მეთვალყურეობის დაგეგმვას ემსახურება.

ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ძირითადად ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. მას ხშირად ახლავს სასუნთქი გზების განმეორებითი ინფექციები, დროთა განმავლობაში კი შესაძლოა ფილტვების ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვიოს. მუდმივი მკურნალობის საჭიროება და დაავადებით გამოწვეული შეზღუდვები გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ცხოვრების ხარისხზე. სწორედ ამიტომ, თანამედროვე თერაპიის ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს ერთი თვის წინ პირადად მიაწოდა.

მედიკამენტი განკუთვნილია 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ ადამიანებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს. საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით დაახლოებით 110 ადამიანია რეგისტრირებული. მათგან შესაბამისი გენეტიკური მუტაციები დაახლოებით 60-ს აქვს.

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო საზოგადოებასთან, ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებთან აქტიური თანამშრომლობით თანმიმდევრულად მუშაობდა თანამედროვე მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ამ მიზნით, სამინისტრო ეტაპობრივად აფართოებდა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ მომსახურებებსა და მედიკამენტების ჩამონათვალს. 2025 წელს პროგრამას დაემატა საინჰალაციო პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები და სხვა მედიკამენტები, ასევე გაიზარდა სტაციონარული მომსახურების დაფინანსება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში