უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თემურ გოგოხიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის თანახმად, თემურ გოგოხიამ 2026 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგინა განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა პროცედურაში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობის გაგრძელებაზე. შესაბამისად, 1 თვის ვადაში სათანადო კანდიდატის შერჩევის პროცედურა ხელახლა დაიწყება.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს ხელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ვასილ მშვენიერაძე აწერს.
„2026 წლის 8 ივლისიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო (მოსამართლის გარდაცვალება), უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 ადგილი ვაკანტური გახდა. 23 ივლისს დაიწყო აღნიშნულ პოსტზე კანდიდატის შერჩევის პროცედურა, რომლის დასკვნით ეტაპზე 12 ოქტომბერს გადავიდა ერთი კანდიდატი, თემურ გოგოხია.
თემურ გოგოხიამ 2026 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა პროცედურაში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობის გაგრძელებაზე, შესაბამისად, მიმდინარე პროცედურა დასრულდა უშედეგოდ, ვინაიდან, საბჭოს მიერ შერჩეულმა კანდიდატმა უარი განაცხადა შემდგომ ეტაპზე მონაწილეობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 13 ოქტომბრის №1/272 განკარგულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა საბჭოს 2026 წლის 23 ივლისის №1/198 განკარგულება.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ საბჭომ საქართველოს პარლამენტს კანდიდატი ვერ წარუდგინა ან კანონით დადგენილი ყველა სათანადო პროცედურის ამოწურვის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ვაკანსია ვერ შეივსო, 1 თვის ვადაში სათანადო კანდიდატის შერჩევის პროცედურა ხელახლა იწყება“, - ნათქვამია განკარგულებაში.
თემურ გოგოხია 2018 წლიდან უვადო მოსამართლეა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ის 2025 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე“, - წერია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.