ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება - ამის შედეგად ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი აცხადებს.
ყიფიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები.
„მათი რეალურ საფრთხედ გადაქცევის შემთხვევაში „გამარჯვებულ-დამარცხებულად" დაყოფა მხოლოდ ნომინალურ სტატისტიკად იქცევა. რეალურად კი, დავმარცხდებით ყველა - დამარცხდება ქვეყანა, განიავდება თვისობრივი განვითარებისათვის დღეს ჯერჯერობით კიდევ თუნდაც მცირედით არსებული რესურსი.
დაფიქრდით! ერთად ვიზრუნოთ ჯერ საქართველოსათვის და არა ჯერ პარტიასა თუ საკუთარი თავისათვის. და სანამ დროა, შეჩერდით - მივცეთ ქვეყანას პოლიტიკურად სუნთქვის საშუალება“, - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.