რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე და ჰიბრიდულ კამპანიას ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პუტინი ცდილობს, შეასუსტოს ჩვენი სიმტკიცე და შეაჩეროს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერა, თუმცა რუსეთი მარცხდება. ის მარცხდება უკრაინაში ბრძოლის ველზე და ჩვენ ვერ დაგვაშინებენ“, - აღნიშნა რუტემ.
კითხვაზე, „არის თუ არა რუსეთი იმდენად უგუნური, რომ ნატო-ს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა განიხილოს“, რუტემ უპასუხა: „ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. არ არსებობს უშუალო საფრთხე. თუმცა, თუ დავინახავთ, რომ რუსეთის ძალების თავმოყრას ახდენს, ამაზე რეაგირებას მოვახდენთ“.
მისი თქმით ნატო-ს გზავნილი, რომელიც კვირის დასაწყისში ალიანსის უმაღლესმა სარდალმა ალექსუს გრინკევიჩმაც გააჟღერა, მკაფიოა: „ჩვენ დავიცავთ ჩვენი ტერიტორიის თითოეულ ინჩს, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა იქ ადამიანები“.
ამასთან, რუტემ დასძინა, რომ ნატო არასდროს დაესხმება თავს რომელიმე ქვეყანას.
„არასდროს, არცერთ შემთხვევაში არ განვახორციელებთ თავდასხმას ვინმეზე, რადგან ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ“, - აღნიშნა რუტემ.