თუ რამე ფსკერი არსებობს, ალბათ, ყველა დონეზე დაეშვა „ოცნების“ პოლიტიკური გუნდი - პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციული გარიგება არავის გაუკვირდება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სფერო არ დარჩა, საიდანაც „ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა კორუფციული გზებით თანხები არ მიითვისა.
„რა ცნობაც გავრცელდა, თუ რამე ფსკერი არსებობს, ალბათ, ყველა დონეზე დაეშვა ამ შემთხვევაში „ოცნების“ ეს სისტემა და პოლიტიკური გუნდი. რაზეც იყო უშუალოდ საუბარი, ეს ეხებოდა პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებიდან კორუფციულ გარიგებას. სფერო არ დარჩა, საიდანაც „ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა კორუფციული გზებით თანხები არ მიითვისა. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ თავდაცვის სამინისტროდან კორუფციული გარიგებებით მითვისეს თანხები. საბავშვო ბაღებში, ბავშვების საკვებისთვის განკუთვნილი თანხიდან კორუფციული გზით მიითვისეს თანხები, ასევე, უპოვართა სასადილოებიდან. ბაღები და სკოლები დაანგრიეს და არ აუშენებიათ იმიტომ რომ, ვერ აშენებენ, ასაშენებელი თანხები მითვისეს, გაინაწილეს პირადი კეთილდღეობისთვის, თუ პარტიული ინტერესებისთვის. შესაბამისად, სამწუხაროდ, ეს კონკრეტული ფაქტიც საზოგადოებას არ გაუკვირდება და ბუნებრივია, არც არავისთვის იქნება ეს ახალი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ მძიმე ფაქტით, მაგრამ დაველოდოთ, რა შედეგი იქნება ამ შემთხვევაში, ვნახავთ," - განაცხადა ფარულავამ.
ცნობისთვის, „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინ რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში, ასევე, მისი პერსონის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და სამართალდამცავ უწყებებს ყოფილი მინისტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს. კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ მიმართვაში ოქიტაშვილი პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს. ოქიტაშვილის თქმით, თინათინ რუხაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობას უზღუდავდა, ასევე, ის ითხოვს პასუხს, თუ ვინ დაავალა, რომ შეეჩერებინა „ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის“. ამასთან, განცხადებაში ოქიტაშვილი ახსენებს მამუკა მდინარაძეს და წერს, რომ თინა რუხაძის სიტყვებით მდინარაძეს „ოქიტაშვილი სძულს“ და არ უნდა გაეკარონ.