22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები, დავით და გურამ კაკულიები მათ წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას ითხოვენ. შესაბამისი განცხადება მათ სასამართლო პროცესზე გააკეთეს.
როგორც გურამ კაკულიამ განაცხადა, ისინი სასამართლო პროცესებს მომდევნო სხდომებიდან აღარ დაესწრებიან.
„კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალს! პროკურატურამ წარგვიდგინა აბსურდული ბრალი და რაც მთავარია გამოგონილი მოტივით. ამ პატაკის ავტორს ამ ფანტაზიით თავისუფლად შეეძლო ჰოლივუდში სცენარისტად ემუშავა.
არცერთ შემდეგ სხდომაზე დასწრებას არ ვაპირებთ და ქალბატონო მოსამართლე, ვითხოვთ, ამ პროცესიდან ახლავე გაგვათავისუფლონ",- განაცხადა გურამ კაკულიამ.
ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ კი, ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას, ის 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.