ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ბუსა ჟვანიას მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში რჩება

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ბუსა ჟვანიას მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ მიიღო.

პროკურატურა ჟვანიას მიმართ კვლავ მკაცრი ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა. პროკურატურა უთითებდა, რომ პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები კვლავ არსებობდა.

ბუსა ჟვანიას ადვოკატების განმარტებით კი, ბრალდებულის წინააღმდეგ პროკურატურამ ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ მოიპოვა. ამასთან, მათი თქმით, ჟვანია ორჯერ დაიბარეს ჩვენების მისაცემად და საზღვარგარეთ მყოფი ჩამოვიდა.

ადვოკატი ბუსა ჟვანიას მიმართ 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ კი, ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას, ის 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში