22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა ძმებმა, დავით და გურამ კაკულიებმა მათი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვაზე უარი განაცხადეს. საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.
შესაბამის შეთავაზებას სასამართლო ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯად საქმეზე ბრალდებულებს ავტომატურად უკეთებს.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ კაკულიებს დეტალურად განუმარტა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, თუმცა, ძმებმა აღნიშნულით სარგებლობაზე უარი განაცხადეს.
„უკვე ყველაფერი ნათელია. ნაფიც მსაჯულებზე უარს ვაცხადებთ“, - განაცხადა დავით კაკულიამ.
იგივე პოზიცია დააფიქსირა გურამ კაკულიამაც და განაცხადა, რომ „ნაფიცებზე უარს აცხადებდა“.
ამასთან, საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.
დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები საქმის შეწყვეტას შუამდგომლობდნენ, პროკურატურა კი საქმის არსებითად განსახილველად გადაცემას ითხოვდა.
მოსამართლე ლელა კალიჩენკოს განმარტებით, ბრალდებულების დევნის შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობდა.
საქმის არსებითი განხილვა 29 ოქტომბერს გაიმართება.
ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ კი, ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას, ის 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.