ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ვაჭრობის გასაძლიერებლად სასაზღვრო ხიდი გახსნეს

ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სახმელეთო საზღვრის ყველაზე მნიშვნელოვანი გადასასვლელი ოფიციალურად გახსნეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ ნაბიჯის მიზანია ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, რაც წლების განმავლობაში არსებული დაძაბულობისა და პანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო იყო შეჩერებული.

ხიდის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, თუმცა არ გამოიყენებოდა, რადგან ჩრდილოეთ კორეას ხიდამდე მისასვლელი გზები და საბაჟო კომპლექსი დასრულებული არ ჰქონდა.

ცერემონიის დროს მეზობელი ქვეყნების ეროვნული დროშებით მორთული სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ ხანგრძლივი შეფერხების შემდეგ გახსნილ, მდინარე იალუზე გამავალ 3-კილომეტრიან ახალ ხიდზე. ხიდის მაღალ საყრდენ კონსტრუქციებსაც ორივე ქვეყნის დროშები ამშვენებდა. ხიდი ჩინეთის ქალაქ დანტუნს ჩრდილოეთ კორეასთან აკავშირებს.

ჩინური მედიის ცნობით, გახსნის ცერემონიაზე ვიდეომიმართვისას ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის და ახალი თავი იწყება. მისი თქმით, სასაზღვრო გადასასვლელი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას, ასევე გააძლიერებს ხალხთა შორის ურთიერთკავშირებს.

ლიმ ასევე აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობას იძლევა, გაუმჯობესდეს სასაზღვრო პროცედურები, გაიზარდოს დაკავშირებულობა და განვითარდეს თანამშრომლობა სასაზღვრო ზონებში.

Reuters-ი წერს, რომ ეს გახსნა პეკინსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მორიგი ნიშანია მას შემდეგ, რაც გასული წლის განმავლობაში მათმა ლიდერებმა ორი სამიტი გამართეს. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ აქტიური ვაჭრობიდან მიღებული შესაძლო ეკონომიკური სარგებლის მიუხედავად, ანალიტიკოსების თქმით, ჩრდილოეთ კორეა კვლავაც სიფრთხილით ეკიდება ჩინეთზე დამოკიდებულების გაზრდას.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ხიდი დაუყოვნებლივ განაპირობებს სანქციამდელ სავაჭრო ურთიერთობებში სრულმასშტაბიან დაბრუნებას“, - განაცხადა კიონგნამის უნივერსიტეტის შორეული აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ლიმ ულ-ჩულმა.

მისი თქმით, ხიდი ხელს შეუწყობს მძიმე ტექნიკის, ნედლეულისა და ენერგორესურსების გადაზიდვას, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას განვითარების პროექტების განსახორციელებლად სჭირდება.

გასულ წელს ჩინეთის ექსპორტი ჩრდილოეთ კორეაში 2.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და წინა წელთან შედარებით 25%-იან ზრდას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ დონეს, რომელიც 2017 წელს გაეროს სანქციების გამკაცრებამდე ფიქსირდებოდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში