ის, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის მკაფიო პასუხია იმ სიგნალებზე, რომლებსაც ის ამერიკისგან იღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, სამწუხაროდ, არსებობს სახიფათო სიგნალები სანქციების შემდგომი შემსუბუქების შესაძლებლობის შესახებ.
„ეს სანქციები მსოფლიომ - ამერიკამ, ევროპამ და ჩვენმა პარტნიორებმა -უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ომის საპასუხოდ დააწესეს. არაფერი შეცვლილა. ომი არ შეჩერებულა. სანქციები არ უნდა მოიხსნას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ხოცვა-ჟლეტა, რომელიც თავადვე წამოიწყო და უკვე 1 695 დღეა, აგრძელებს. მკვლელობების დასაფინანსებლად მეტი თანხის მიცემა ამას ხელს ვერ შეუწყობს. საჭიროა ძალა, ამერიკა კი რუსულ ტერორზე უფრო ძლიერია”, - აცხადებს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში ჩვეულებრივ მაღაზიაზე „შაჰედის” დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც მაღაზია ნაწილობრივ დაინგრა, დაზიანდა ავტომობილები. დაშავდა სამი ადამიანი.
„მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები ამისგან თავის დაცვაში დაგვეხმარონ. საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, ენერგეტიკული და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად შეუჩერებელი თავდასხმების სამიზნეა. მშვიდობის ერთი საათიც კი არ გვაქვს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, გუშინ საღამოდან მოყოლებული თავდასხმები განხორციელდა კიროვოგრადის, დნიპროს, ოდესის, რივნეს, ხარკოვის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ნიკოლაევის, ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, პოლტავისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებზე. კროპივნიცკიში სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დნიპროს ოლქში.
„ცხადია, რომ რუსეთმა შეგნებულად აირჩია თავდასხმების ესკალაციის გზა მას შემდეგ, რაც სანქციების შემსუბუქებას მიაღწია და დაინახა უკრაინაზე ზეწოლის მცდელობები. რუსეთი იყენებს მსგავს შესაძლებლობებს და პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებზე. ამ ომის დასასრულებლად საჭიროა მტკიცე გადაწყვეტილებები. უკრაინას სჭირდება მუდმივი მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა - ცის დაცვის კუთხით. პარტნიორებისგან ამ ომთან დაკავშირებით გვჭირდება გულწრფელობა: მნიშვნელოვანია, რომ ამერიკაში ყველა არა აგრესორის, არამედ ჩვენი იმ ძალისხმევის მხარეს დადგეს, რომელიც მიმართულია სიცოცხლის გადარჩენის, ომის დასრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ”, - აცხადებს ზელენსკი.