დემოკრატიული მედეგობა ერთი მარტივი ჭეშმარიტებით იწყება: დემოკრატია, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე ან არ მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ნებისმიერი საფრთხის გამოჩენამდე, უკვე სუსტ პოზიციაში იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რომში ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპული კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფარული უცხოური დაფინანსება განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის ხშირად დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრის ყველაზე ნაკლებად ხილული და ყველაზე დამაზიანებელი საშუალებაა.
მისი თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევა კი არა, პირიქით, მათი დაცვის საშუალებაა.
,,ჰიბრიდული საფრთხეები, მათ შორის დეზინფორმაცია, კიბერშეტევა, ფარული დაფინანსება და უცხოური ჩარევა, იშვიათად მოქმედებს ცალ ცალკე. ისინი ერთმანეთს აძლიერებს; მათ მიზანში ჰყავთ ამოღებული ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების სანდოობა.
ამ ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მძიმე შედეგების მომტანია უცხოური ინფორმაციული მანიპულაცია და ჩარევა (FIMI). ის, როგორც წესი, კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიების სახით გვევლინება, რომლებიც განსაკუთრებით არჩევნების ან პოლიტიკური არასტაბილურობის დროს აქტიურდება.
საქართველოში, ორი წლის წინ, არჩევნებზე ყველაზე თანამედროვე ტექნიკური თავდაცვითი მექანიზმების არსებობის მიუხედავად, დეზინფორმაციამ და საარჩევნო დარღვევების შესახებ ცრუ ბრალდებებმა პოლარიზაცია გააღრმავა და არჩევნების საკითხის გარშემო არეულობას შეუწყო ხელი. უცხოეთიდან დაფინანსებული ზოგიერთი ჯგუფი თავად საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას ცდილობდა. ეს ნათლად გვახსენებს, რომ საინფორმაციო სივრცეში მედეგობა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების დასაცავად.
ფარული უცხოური დაფინანსება განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის ხშირად დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრის ყველაზე ნაკლებად ხილული და ყველაზე დამაზიანებელი საშუალებაა. როდესაც გარე აქტორები კონკრეტულ შიდა პოლიტიკურ ძალებს აფინანსებენ, ისინი არსებულ განსხვავებებს აღრმავებენ და ჩვეულებრივ პოლიტიკურ განხილვას საკუთარი სასურველი ხედვის გატარებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების იარაღად აქცევენ.
სახელმწიფოთა მზარდი რაოდენობა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ოდესღაც სხვაგან ამგვარ კანონმდებლობას აკრიტიკებდნენ, ახლა თავად უპირისპირდება ამ რისკებს: ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და მრავალი სხვა ქვეყანა ამკაცრებს გამჭვირვალობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობას. ეს კანონმდებლობა თავდაცვითი დემოკრატიის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული მედეგობის გაძლიერების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა.
უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევა კი არა, პირიქით, მათი დაცვის საშუალებაა. პრინციპი ასეთია: ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულ მთავრობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ ფულისა და გავლენის შესახებ, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ხვდება,” აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ჩარევა იშვიათად არის ცალმხრივი.
,,ბევრი სახელმწიფო, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის რღვევას გმობენ, ამავდროულად სხვა ქვეყნების შიდა საქმეებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. ეროვნული პარლამენტები ამ გამოწვევას იზოლირებულად არ უნდა უმკლავდებოდნენ. ევროპის საბჭოს ბოლოდროინდელი საქმიანობა, მათ შორის, უცხოური ჩარევის შესახებ რეზოლუცია, დემოკრატიისა და არჩევნების დაცვის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიები, უკვე ქმნის კარგ საფუძველს.
უცხოური ჩარევა სახიფათოა სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, მიუხედავად იმისა, მტრული თუ არამტრული აქტორის მიერ ხორციელდება. უცხოური ჩარევა თავისთავად მტრული ქმედებაა, რადგან მისი მიზანი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვაა. შესაბამისად, იგი მტრულ ქმედებად რჩება, იმის მიუხედავად, მტრისგან მომდინარეობს თუ მეგობრისგან.
ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლის ერთადერთი გზა საერთო საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაა. დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების გამჭვირვალობისა და რეგულირების სტანდარტი, რომელიც სუვერენიტეტს, ანგარიშვალდებულებასა და თანხმობას დაეფუძნება.
მხოლოდ მედეგი და ანგარიშვალდებული დემოკრატიები, რომლებიც საერთო წესებით მოქმედებენ, შეძლებენ ჰიბრიდულ საფრთხეებთან სათანადო გამკლავებას,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.