გიორგი სიორიძე - გადავავლოთ “ქართულ ოცნებას” თვალი, სულ ღალატის ქრონიკაა, თავად ამბობენ: „გახარია მოღალატე, ღარიბაშვილი მოღალატე“,  მოღალატეებიდან მოღალატეებამდე ცხოვრობენ - ხვალ როგორი დღე გაუთენდება, არავინ იცის

პროცესში მონაწილეობა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პარტიების აკრძალვა არის “ქართული ოცნების” დიქტატორული, ანტიეროვნული, ანტიდასავლური პოლიტიკის გვირგვინი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა იზოლაციამდე მიიყვანა, - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელს განიხილავენ.

სიორიძის განმარტებით, სასამართლო პროცესებში მონაწილეობა სასამართლოს მიმართ ნდობას არ ნიშნავს.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ინსტიტუციური ბრძოლის ყველა ამსახველი მასალა შეიკრას, რათა შემდეგ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ სამართლებრივი საფუძვლები არსებობდეს.

“სასამართლოში მონაწილეობა არც სასამართლოს მიმართ ნდობას ნიშნავს და არც იმას, რომ საქართველოში სამართლებრივი გზით რაიმეს მიღწევა შეიძლება. ეს დიდი ხანია ასეა ამ ქვეყანაში, ჩვენ ავტოკრატიაში ვცხოვრობთ. 2024 წლის შემდეგ ჩვენ გამოვიყენეთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა გზა და მეთოდი. ჯერ შედეგები გავასაჩივრეთ საარჩევნო ადმინისტრაციაში ყველა დონეზე, შემდეგ საერთო სასამართლოებში ყველა დონეზე და არც მაშინ გვქონდა იმედი, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა შეიკრას, როგორც სამართლებრივი საფუძვლები “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაჩენისთვის და ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვის და როდესაც ვამბობ ჩვენს მოკავშირეებს, ვგულისხმობ ქართველი ხალხის მოკავშირეს.

ამ პროცესში მონაწილეობა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პარტიების აკრძალვა არის “ქართული ოცნების” დიქტატორული, ანტიეროვნული, ანტიდასავლური პოლიტიკის გვირგვინი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა იზოლაციამდე მიიყვანა.

ივანიშვილმა ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე მოსპო და ახლა პარტიების აკრძალვას მიდგა. ეს არის გვირგვინი, ყველაზე დიდი ნაბიჯი დემოკრატიის დასამარების გზისკენ და ამ ნაბიჯის გადადგმის გამო “ქართულ ოცნებას” მოუწევს ძალიან მძიმე ფასის გადახდა როგორც ქვეყნის შიგნით და მას ვერდიქტს ქართული საზოგადოება გამოუტანს, ისე ქვეყნის გარეთაც”, - აღნიშნა სიორიძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძის გადადგომასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი, რომელმაც ჯერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესების აცილება ითხოვა, უარის შემდეგ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სიორიძის თქმით, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, თუ რა სახიფათო თამაშში ითრევს ბიძინა ივანიშვილი.

“მანანა კობახიძის მცდელობა ჩემთვის, რა თქმა უნდა, გასაგებია. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისაც შეუძლია ამის გათვითცნობიერება, თუ რა სახიფათო თამაშში ითრევს მას ივანიშვილი, ისიც აქვს გაცნობიერებული, თუ რა ელით ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით და მეორე მხრივ, არის საერთაშორისო სანქციები. ვინც ამაში მონაწილეობს, ყველა გადაიხდის პოლიტიკურ ფასს”, - აღნიშნა მან.

სიორიძემ შეაფასა დავით ოქიტაშვილის „ფეისბუქ-პოსტიც“, სადაც ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინ რუხაძეს მისი პერსონის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს, პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს და სუს-ის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს რუხაძის მფარველობაში ადანაშაულებს.

“ჩვენ ვნახეთ, რომ უკვე პარლამენტის წევრებიც გამოეხმაურნენ ამ საკითხს იმიტომ, რომ საქმე ეხება უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებს. ანუ ის, რამაც გააერთიანა ქართველი ხალხი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა და არა მარტო მართლმადიდებლები იმიტომ, რომ ილია მეორე ასეთი ისტორიული ფიგურა იყო, ამ ადამიანის პატივს ეხება საქმე.

“ქართული ოცნების” ქრონიკებს რომ გადავავლოთ თვალი, სულ ღალატის ქრონიკაა და თავადაც იძახიან ამას - გახარია მოღალატე, ღარიბაშვილი მოღალატე, თავდაპირველი გუნდი ვინც იყო, ისინიც მოღალატეები და მოკლედ, მოღალატეებიდან მოღალატეებამდე ცხოვრობენ. ერთი, რაც კარგია, არის ის, რომ “ქართულ ოცნებაში” არავის აქვს მშვიდად ყოფნის უფლება, რადგან ვიღაცა ვიღაცის პროტეჟეა და მისი მფარველი როდესაც შეეწირება ხოლმე, ხვალ როგორი დღე გაუთენდება მას, არავინ იცის.

რეალურად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან და სამართლის აღსრულებასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. იმიტომ კი არა, რომ ისინი კორუფციაში გასვრილები არ იყვნენ, უბრალოდ ამას იყენებენ იმისთვის, რათა თავიანთი შიდა დაპირისპირება გააღვივონ და ჩამოიცილონ კონკურენტები. ეს არის ინდივიდუალური შურისძიებები, რომელიც ამავდროულად ემთხვევა კონკრეტულ პირთა ბრალეულობასაც”, - განაცხადა სიორიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში