ლაშა ტუღუში - „ოცნება“ მოფამფალებულია, შიგნით ერთმანეთს დასდევენ, იჭერენ, პატრიარქის დაკრძალვიდან ფული მოიპარეს, ჯარს, ბავშვებს ჰპარავენ, ძალიან ცუდ დღეშია, ამიტომ სჭირდება „მტერი“ - ვიღაცას უნდა ებრძოდეს და გამოიგონეს პარტიების აკრძალვა

ეს არის დემოკრატიის იმიტაცია და იმიტაცია, რომ ვითომ ევროპაში გვინდა. შეუძლებელია ვერ ხვდებოდეს ვინმე, რომ ასეთი ნაბიჯებით ევროპაში კი არ მიდიხარ, მას კილომეტრიანი ნაბიჯებით შორდები. გვაშორებენ პერსპექტივას, გავხდეთ ევროკავშირის წევრი და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მძაფრი რეაქცია მოჰყვეს დასავლეთიდან, რომ კიდევ უფრო ჩაანგრიონ არათუ ხიდები, რომლებიც არსებობს, არამედ ხიდის აშენების ადგილსაც მიადგნენ, იმასაც ანგრევენ, - ასე შეაფასა „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, პარტიების აკრძალვის პროცესი, რასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს.

როგორც ტუღუშმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იმდენად დასუსტებულია, რომ მინიმალური სტანდარტების არჩევნების ჩატარების შემთხვევაშიც კი, არსებობს დიდი შანსი, რომ ის დამარცხდეს, შესაბამისად, პარტიების აკრძალვა ემსახურება ერთი მხრივ ძალების კონსოლიდაციას, მეორე მხრივ ევროპასთან ყველანაირი ხიდების ნგრევას.

„ნათელია, რომ როდესაც ქვეყანა ან ამ ქვეყნის რაღაც ჯგუფი შედგა ამ რელსებზე და მიექანება ილიბერალიზმისკენ, აქედან გადადიხარ ავტორიტარიზმში, შემდეგ შეიძლება დიქტატურა, ტოტალიტარიზმი და ა.შ. როცა ხედავ კანონებისა და მოქმედების ერთობლიობას, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ აქამდე მივა საქმე. რაც შეეხება იმას, რომ სუსტია ისედაც ოპოზიცია და რატომ აუქმებს, ესეც არ არის ასე, იმიტომ, რომ ხელისუფლების რეიტინგებიც არ არის ძალიან მაღალი - მე არ მჯერა იმ რიცხვების, რისი გავრცელებაც მათი მეშვეობით ხდება, იმიტომ, რომ მათი ძალაუფლება არის ფუყე. რომ არსებობდეს რაღაც პერსპექტივა, შესაძლოა ახალი პარტია გამოჩნდეს, ან არსებულმა პარტიებმა შეძლონ გადახალისება, მაშინ არჩევნებს წააგებს „ქართული ოცნება“ და მათ ეს არ უნდათ. ამიტომ, ნუ ვიმსჯელებთ, რომ სუსტი ოპოზიციაა და არაფერში არ აქვთ შანსი. თუ ჩატარდა მინიმალურზე მინიმალური სტანდარტით არჩევნები, მაშინ ამ პარტიას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია, ძალიან დიდი ალბათობით, უწერია წაგება, ქალაქებში აუცილებლად წააგებენ. რამდენი წელი შეიძლება დააბრმაონ საზოგადოება?! ადრე თუ გვიან გახდება ნათელი და აღმოვჩნდებით იმ ვითარებაში, რომ დავინახავთ რომ აღარ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, აღარ გვაქვს ევროპული პერსპექტივა, ეკონომიკა წამოვა ქვემოთ.

ეს შიდა პოლიტიკური თემაა, ძალაუფლების კონცენტრაციის, იმიტომ, რომ მოფამფალებულია, შიგნით ერთმანეთს დასდევენ, იჭერენ, ადგილები არ არის ამდენი, ბევრი ლიდერი დაიჭირეს, ძალიან დისკრედიტირებულია, დაწყებული პატრიარქის დაკრძალვიდან, დამთავრებული ჯარს რომ ჰპარავენ და ბავშვებს რომ ჰპარავენ, ძალიან ცუდ დღეშია. ამიტომ, ბუნებრივია, შიგნით სჭირდებათ კონსოლიდაცია. მტერი უნდა ჰყავდეს, რომ ერთიანი იყოს შიგნიდან და ვიღაცას უნდა ებრძოდეს და ამ კონსოლიდაციისთვის სჭირდებათ და ამისთვის გამოიგონეს ეს ყველაფერი. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის ანტიდასავლური მოძრაობა. ამაზე ვინმეს თუ აქვს კიდე ეჭვი, არ ვიცი რამდენი რამე უნდა გააკეთონ?! ეს არის დემოკრატიის იმიტაცია და იმიტაცია, რომ ვითომ ევროპაში გვინდა. შეუძლებელია ვერ ხვდებოდეს ვინმე, რომ ასეთი ნაბიჯებით ევროპაში კი არ მიდიხარ, კილომეტრიანი ნაბიჯებით შორდები ევროპას. ასე რომ, ორივე ამოცანა სრულდება - ერთი რომ გვაშორებენ პერსპექტივას გავხდეთ ევროკავშირის წევრები და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, რომ რაც შეიძლება მძაფრი რეაქცია მოჰყვეს დასავლეთიდან, რომ კიდევ უფრო ჩაანგრიონ არათუ ხიდები, რომლებიც არსებობს, არამედ ხიდის აშენების ადგილსაც მიადგნენ, იმასაც ანგრევენ. სადმე რომ რამე შეიძლება ვინმემ მოიფიქროს, რომ გაძვრეს და ახალი ხიდი ააშენოს, იმ ადგილებსაც ანგრევენ. საქართველოში შიგნით ამყარებენ ისეთ ტიპის რეჟიმს, რომელიც არ არის დემოკრატიასთან ახლოსაც კი და საერთაშორისო ურთიერთობებში აშკარად ანტიდასავლურ პოლიტიკას ეწევიან“, - განაცხადა ტუღუშმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ტუღუშმა ყურადღება გაამახვილა მმართველ პარტიაში არსებული ვითარებაა და აღნიშნულ კონტექსტში უპასუხა კითხვას: ვინ რჩება „ქართლი ოცნების“ დასაყრდენ ძალად მაშინ, როდესაც გუნდის წევრთა ნაწილი ან ციხეშია ან ციხის მოლოდინი აქვს. ტუღუში მიიჩნევს, რომ იმ ტიპის რეჟიმი, რომელიც საქართველოში მმართველმა პარტიამ ჩამოაყალიბა შიშზე დგას, როგორც პარტიის შიგნით, ისე პარტიის გარეთ.

„ამ მიმართულებას თან სდევს შიგნით რაღაც ინსინუაციები, მოგონილ საქმეზე დაჭერა. ასე იჭერენ, როგორც წესი, ავტორიტარი ლიდერები, სხვანაირად პრინციპების ირგვლივ სად არიან გაერთიანებულები?! რეალურად ავტორიტარიზმი და ასეთი ტიპის რეჟიმი შიშზე დგას პარტიის გარეთ და შიშზე დგას პარტიის შიგნით. სამართლიანი კი არ არის ეს შიში, უსამართლოა ეს შიში. მთავარია ძალაუფლების შიში, ანუ შენ გეშინია ვიღაცის, რომელიც დაგსჯის, გეკუთვნის, არ გეკუთვნის ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მე ვარ მაგარი და რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ეს არის ამ პროცესის სული“, - განაცხადა ტუღუშმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს