თაზო დათუნაშვილი - პარტიების გაუქმების შემთხვევაში, „ლელოს“ მოწოდება აჯანყება არ არის, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით, რაც უნდა მივიღოთ მობილიზებით, ზეწოლით, პარტნიორებთან მუშაობით, მდინარაძეს და რუხაძეს კი ვხედავ ციხის გზაზე მიმავალს!

პარტიების გაუქმების შემთხვევაში, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ მოწოდება აჯანყება არ არის - საქართველომ ბევრი ნახა 35 წლის მანძილზე. საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს კონკურენტული არჩევნებით. კონკურენტული არჩევნები უნდა მივიღოთ დიდი მობილიზებით და ზეწოლით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობით. „ქართული ოცნება“ კი გადასულია სიგიჟეზე, პოლიტიკურ ფსიქოზზე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“მხრიდან საკონსტიტუციო სარჩელით პარტიების აკრძალვა, არის „მათ შორის თვითონ „ქართული ოცნების“ მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგებითაც კი, მილიონამდე მოქალაქის არჩევანის რეპრესია“.

„ახლა ივანიშვილი ყველა კონკურენტის გაქრობით იმიტომ არის დაკავებული, რომ ის თავს აბსოლუტურად სუსტად გრძნობს, ის გრძნობს, რომ მისი ძალაუფლებას სერიოზული რისკის ქვეშ დგება“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ სარჩელის არსს, რითაც „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს, თაზო დათუნაშვილის განმარტებით, სამართლდება წინა ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. „ლელოსთან“ მიმართებით კი, სარჩელში მითითებულია პარტიის მიერ მოქმედი ხელისუფლებისა და კონსტიტუციურ წესრიგის არაღიარება.

„მიუხედავად ჩემი მოწონება-არმოწონებისა „ნაციონალური მოძრაობისადმი“, მათი მმართველობის დრო შეფასებულია იმდაგვარად, რომ თურმე 2008 წლამდე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებებმა გამოიწვია რუსეთის აგრესია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პროვოცირება მოახდინა რუსეთის აგრესიის და საქართველოს ოკუპაციის. ამ სარჩელში პირდაპირ გადმოტანილია ომის დანაშაული, აგვისტოს ომის დაწყება აგრესორიდან მსხვერპლზე ანუ ჩვენზე. სასამართლოს მიერ ამ სარჩელის გაზიარების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე დადასტურდება დებულება, რომ საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციამ გამოიწვია აგვისტოს რუსული აგრესია და არა პუტინისა და მედვედევის გადაწყვეტილებამ, დაეპყრო მეზობელი სახელმწიფო. აი, ამაზეა დაფუძნებული სარჩელი. თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ამ სარჩელს, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ამას უნდა დაეთანხმოს. ამისთვის სამართლდება წინა ხელისუფლება. რატომ სამართლდება „ლელო“ ამ ყველაფერში? სარჩელში პირდაპირ წერია, რომ „ლელო“ არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს და ხელისუფლებას. ის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს და ა.შ. თურმე ეს არის დანაშაული, რომელიც პარტიის გაუქმებას შეიძლება საფუძვლად დაედოს. ამ აბსურდში ვცხოვრობთ“. განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სისტემა შიგნიდან ლპება. თაზო დათუნაშვილის შეფასებითვე, ივანიშვილს უნდა, რომ ეს ლოგიკა რეპრესიებით დაძლიოს, თუმცა „ჟანრის კანონია, რომ ეს რეპრესიები, „ოცნებას“ არ გააძლიერებს“.

რაც შეეხება კითხვას, თუ რას აპირებენ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, თაზო დათუნაშვილის თქმით, კითხვა ლეგიტიმურია, თუმცა ამაზე პასუხი „აჯანყება“ „ლეგიტიმური არ არის“. მისი თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მოწოდება აჯანყებისკენ არ არის მიმართული.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“მოწოდება აჯანყება არ არის. გეგმა B-ზე და გეგმა C-ზე არ ვილაპარაკებ, რადგან არც სწორი არის და არც პოლიტიკური სტრატეგიით გამართლებული. პროცესი არის მნიშვნელოვანი - საკონსტიტუციო სასამართლოში გასამართი პაექრობა, რომელმაც ჩვენ საზოგადოებას უნდა აჩვენოს, რა აბსურდთან გვაქვს საქმე. ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სტრასბურგში. რა იქნება შემდეგ? ძალიან რთულდება პოლიტიკური პროცესი. მე არ მივეკუთვნები ადამიანთა რიცხვს, ვინც ღია ეთერში ვიბაქიბუქებ, რომ არაფერს ცვლის. როგორ არ ცვლის - ყველაფერს ფუნდამენტურად ცვლის ყველასთვის, ვინც ვართ აქტიურები პოლიტიკური თვალსაზრისით და ვინც ვიცავთ დემოკრატიულ პროცესს საქართველოში. ყველასთვის ძალიან გართულდება პოლიტიკური საქმიანობა, მაგრამ არ გაჩერდება! უფრო შორს გადაიწია ევროკავშირში გაწევრიანებამ, ნატო-ში ინტეგრაციამ და ა.შ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფუნდამენტურ რაღაცებზე უარი ვთქვათ. ჩვენ ვთვლით, რომ მილიონი ადამიანი, რომელმაც ხმა მისცა საქართველოში დემოკრატიის გადარჩენას და „ილიას გზა“ ჩვენს პროგრამას, ყველა ეს ადამიანი ახლა მეტად უნდა გააქტიურდეს პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის ქუჩაშიც. მე არ ვიზიარებ, რომ აჯანყება არის გზა, მე ვიზიარებ იმას, რომ დიდი ეროვნული მობილიზება, ხელისუფლების იძულება ძალის დემონსტრირებით, მათ შორის ქუჩის და დიდი წინააღმდეგობის დემონსტრირებით - აქტიური წინააღმდეგობა მხოლოდ ქუჩის აქციებით არ განისაზღვრება, მივიდეთ არჩევნებამდე იმიტომ, რომ ხელისუფლება საქართველოში აღარ უნდა შეიცვალოს გადატრიალებებით და უბედურებებით. საქართველომ ბევრი ნახა 35 წლის მანძილზე. საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს კონკურენტული არჩევნებით. კონკურენტული არჩევნები უნდა მივიღოთ დიდი მობილიზებით და ზეწოლით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობით. მე მესმის, რომ ეს ფრაზები გაიცვითა, „მგლის თავზე სახარების კითხვაა“ ნებისმიერი რეზოლუცია, დასკვნა და მერე მოგიტრიალდება რომელიმე პროპაგანდისტი ჟურნალისტი ან თვითონ „ქოცი“ და გეტყვის, „ტანზანიაში ხომ ვიყავით, ძმაო?!“ მაგრამ აქ მთავარია პროცესებს მივყვეთ. მოვუწოდებ ყველას, საღი აზრიდან არ დავიძრათ. „ქართული ოცნება“ გადასულია სიგიჟეზე, პოლიტიკურ ფსიქოზზე, საკუთარი ძალაუფლების გადარჩენისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით უკვე გვამებზე დადის და ხშირ შემთხვევაში პირდაპირი თვალსაზრისით“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გუნდში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძისა და კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ მათ „საპატიმროს გზისკენ მიმავალს ხედავს“.

„კი, ამას ცალსახად ვხედავ, იმიტომ, რომ კორუმპირებული ხალხი იყო. მამუკა მდინარაძე კრიმინალთან გადაბმული კორუმპირებული კაცია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს უბინძურესი მეთოდებით გაუსწორდა თავის პარტიის შიგნითაც. მამუკა მდინარაძე ამ რეპრესიების მთავარი აქტორია. მწვავე რეპრესიების პერიოდში ხელმძღვანელობდა სუს-ს. ანუ მამუკა მდინარაძე სიბინძურეში არის ბოლომდე გასვრილი. ქალბატონ რუხაძის კორუფციული, ნეპოტისტური, ძალიან საეჭვო გარიგებებიც ხელის გულზეა. ვინმეს სჯერა, რომ ღარიბაშვილს მიჰყვა კორუფცია ამ ქვეყანაში? რომ ღარიბაშვილთან და ლილუაშვილთან ერთად „ქართულმა ოცნებამ“ კორუფცია ჩამოიშორა, არა!“ - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს