ჩვენ ვართ ეუთოს და ეუთოს პრინციპების ერთგული - ვართ ერთ-ერთი იმ ბევრ სახელმწიფოთა შორის, რომელსაც აქვს უფლება, ჰქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანამ ამ ორგანიზაციის მუშაობაში თავისი წვლილი შეიტანოს, - ეს განცხადება ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.
ბოჭირიშვილმა განაცხადა ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ინსტრუმენტად არ უნდა იყოს გამოყენებული. მან ამ კონტექსტში საქართველოს მიმართ გამოყენებულ ეუთოს “ვენის მექანიზმსა“ და “მოსკოვის მექანიზმზე“ ისაუბრა.
“საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა. ის ერთგულია მისი პრინციპების და ამ ორგანიზაციის ინსტიტუტების. ყველა გამოწვევას რაც კი შეიძლება არსებობდეს, სწორედ იმ აზრით უდგება, რომ ამ ორგანიზაციის მუშაობაში შევიტანოთ წვლილი.
საქართველომ აჩვენა ღიაობა ყველა მექანიზმთან მიმართებაში, რაც კი ეუთოს ფარგლებში საქართველოს მისამართით იქნა გამოყენებული. ჩვენ ვიყავით ღია მაშინ, როდესაც ვენის მექანიზმი ამოქმედდა, რაც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების ნაწილმა გადაწყვიტა. ასევე როდესაც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ “მოსკოვის მექანიზმი“ გამოეყენებინათ, საქართველომ ასევე ღირსეულად ითანამშრომლა ორგანიზაციასთან და ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ექსპერტთან. ჩვენ მათ მივეცით შესაძლებლობა, რომ ჰქონოდათ შეხვედრები, მოეძიებინათ ყველა საჭირო ინფორმაცია და გაეკეთებინათ დასკვნები არსებულ სიტუაციაზე.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს უფლება თავად შევაფასოთ, თუ როგორია დასკვნები და როგორია ესა თუ ის ინსტრუმენტი ან რისთვის არის გამოყენებული. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოვერიდოთ, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად და მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ.
საქართველო ყოველთვის ღია იყო ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობისთვის და ასეთად დარჩება როგორც არ უნდა იყოს. ეს მუშაობა ხან შეიძლება სასიამოვნო იყოს და ხან არც თუ ისე სასიამოვნო. ჩვენი მხრიდან მთავარი არის ნათქვამი, რომ ჩვენ ვართ ერთგული ამ ორგანიზაციის და ორგანიზაციის პრინციპების. ვართ ის ქვეყანა, რომელიც ორგანიზაციის მუშაობაში კონსტრუქციულად არის ჩართული. ვართ ერთ-ერთი იმ ბევრ სახელმწიფოთა შორის, რომელსაც აქვს უფლება ჰქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანამ თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის მუშაობაში“, - განაცხადა მაკა ბოჭირიშვილმა.
საქართველოს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, იგნაციო კასისი სტუმრობს. იგნასიო კასისი უკვე იმყოფებოდა სომხეთში და საქართველოში ერევნიდან ჩამოვიდა.
შვეიცარიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, ეს ორი ვიზიტი იგნაციო კასისის რეგიონული ვიზიტების პროგრამის მეორე ნაწილს წარმოადგენს; პროგრამის პირველი ნაწილი კი 3-5 აგვისტოს აზერბაიჯანსა და თურქმენეთში განხორციელდა.