ჩვენ უნდა მივაღწიოთ ფართო კონსენსუსს იმის თაობაზე, თუ რომელი მონაწილე სახელმწიფო უხელმძღვანელებს ორგანიზაციას მომავალ წელს. ასევე, ვცდილობთ, კანდიდატურა შევარჩიოთ მომდევნო 2028 წლისთვისაც, - ამის შესახებ ეუთოს თავმჯდომარემ იგნაციო კასისმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მისი სურვილია მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკითხის გადაწყვეტის ყველა შესაძლო გზა მოინახოს.
“ჩვენ უნდა მივაღწიოთ ფართო კონსენსუსს იმის თაობაზე, თუ რომელი მონაწილე სახელმწიფო უხელმძღვანელებს ორგანიზაციას მომავალ წელს; ასევე, ვცდილობთ, კანდიდატურა შევარჩიოთ მომდევნო 2028 წლისთვისაც. წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება გადაუდებლობის განცდა. საკითხი, რომელზეც ამ კვირაში, მათ შორის დღესაც, ვრცლად ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გადაწყვეტის გზის ძიებას. ამის შემდეგ საჭირო იქნება იმ მექანიზმების ამოქმედება, რომლებიც ორგანიზაციის ფინანსური უზრუნველყოფისთვის გვაქვს გათვალისწინებული. მიზანია, ნოემბრის ბოლომდე მივაგნოთ გამოსავალს, რათა ტალინში, ესტონეთის კონფერენციაზე, დაფინანსების საკითხი დღის წესრიგში აღარ იდგეს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სურვილია და შედეგის გარანტიას ვერ მოგცემთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ორგანიზაციის ყველა - 57-ვე - მონაწილე სახელმწიფო დამეხმარება ამ გადაწყვეტის გამონახვაში. ორგანიზაციის სტაბილურობისთვის ასევე მნიშვნელოვანია სამმხრივი ფორმატის პროცესის (tri-cut process) არსებობა, რაც გულისხმობს ყოფილი, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეების ჩართულობას; ეს უზრუნველყოფს სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას”, - განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა იგნაციო კასისმა.