თბილისის საკრებულოში კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს" საკრებულოს წევრებმა, ვახტანგ სურგულაძემ და ნიკა ჩერქეზიშვილმა თბილისელებს ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში ჩააბარეს, - ამის შესახებ განცხადებას „ძლიერი საქართველო - ლელო“ ავრცელებს.
კოალიციის ლიდერების განცხადებით, „ქართული ოცნება" პოლიტიკური ალტერნატივის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით ცდილობს, გააუქმოს არა მხოლოდ პარტიის საქმიანობა, არამედ იმ მოქალაქეების არჩევანიც, რომლებსაც არ მოსწონთ კახა კალაძის მმართველობა და დედაქალაქში არსებული მდგომარეობა.
„ქართული ოცნების" ხელისუფლება უგულებელყოფს მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებს. პარკირების ადგილების დეფიციტი, მუდმივი საცობები, ავარიული საცხოვრებელი სახლები, წლების განმავლობაში გაჭიანურებული სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქაოსური განაშენიანება, მწვანე სივრცეების შემცირება, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა - ეს იმ პრობლემების ნაწილია, რომლებსაც თბილისელები ყოველდღიურად აწყდებიან, თუმცა თბილისის მერი კახა კალაძე მათ საჭიროებებს უგულებელყოფს და მოქალაქეებს ამ პრობლემებთან მარტო ტოვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.