საგარეო უწყება - შეშფოთებას გამოვთქვამთ ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება - ეს არასათანადო ზეწოლის მცდელობა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს.

სამინისტრო ასევე შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად, და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები”,- ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს