გიგი წერეთელი - აქციაზე თავები არ დაგვითვლია, ეს საპროტესტო კამპანიის დასაწყისი იყო, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მივა იმ აზრამდე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება - ვუჩიჩიც ცდილობდა, მაგრამ პროტესტი არ ჩამქრალა და ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება

თავები არ დაგვითვლია, ეს საპროტესტო კამპანიის დასაწყისი იყო. ლოზუნგი, რომელიც ბანერზე იყო, შეუგუებლობა ამ ოლიგარქიულ სისტემასთან, ამ ღრმად კორუფციაში ფესვგადგმულ სისტემასთან, არის მთავარი გზავნილი - შეგუება არ შეიძლება იმასთან, რაც ქვეყანაში ხდება, დემოკრატიული მომავლის დაკარგვის კუთხით, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებით, ამის განცდა საზოგადოებაში უფრო დამძიმდა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ბევრი ადამიანის შეკრება არ იყო მიზანი.
„კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ბევრი ადამიანი იყო აქციაზე, მაგრამ რომ გითხრათ, კმაყოფილები ვართ პროტესტით, არ ვიცი. კარგია, რომ პროტესტები არ იყოს და ასე მიდიოდეს ჩვენი ცხოვრება, ხელისუფლება ობიექტურად იქცეოდეს და არ იყოს მუდმივი სტრესი და წინააღმდეგობა.
ორი წლის წინ მივიღეთ მიტაცებული არჩევნები, შემდეგ, კიდევ უფრო დრამატული 28 ნოემბერი, როცა გამოცხადდა, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილი გაჩერდა. მძიმე ვითარება გვაქვს საგარეო მიმართულებით და გვაქვს მუდმივი პროტესტი და დაძაბულობა.
რაც შეეხება აქციას, ჩვენ თავები არ დაგვითვლია. ეს იყო კამპანიის დასაწყისი. ის ლოზუნგი, რომელიც ბანერზე იყო, შეუგუებლობა ამ ოლიგარქიულ სისტემასთან, ამ ღრმად კორუფციაში ფესვგადგმულ სისტემასთან, არის მთავარი გზავნილი. შეგუება არ შეიძლება იმასთან, რაც ქვეყანაში ხდება, დემოკრატიული მომავლის დაკარგვის კუთხით, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებით, ამის განცდა უფრო დამძიმდა.
აქციის მიზანი ძალიან ბევრი ადამიანის შეკრება არ იყო, მაგრამ აუცილებელია, რომ იმდენი ადამიანი გამოვიდეს აქციაზე, რომ ხელისუფლება აიძულოს არჩევნები დანიშნოს ან სხვა რამ გააკეთოს - ეს აუცილებლად მოხდება, თუ ასე გაგრძელდება.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ქუჩებში ბევრი ხალხი არ გამოდის, ამას რეპრესიები, ფრუსტრაცია, ოპოზიციური სპექტრის მიმართ დამოკიდებულება, პროპაგანდისტული ნიაღვარი, შიში და ზეწოლა იწვევს. საზოგადოება ჯერჯერობით ვერ ხედავს ალტერნატივას და ეს ოპოზიციის გამოწვევაა, რომ საზოგადოებამ ალტერნატივა დაინახოს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში პროცესების ჩახშობა ვერ მოხერხდება, საზოგადოება მივა იმ აზრამდე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ოპოზიციის ამოცანაა, რომ ალტერნატივა არსებობდეს. მზა რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ მიზანი არგაჩერებითა და იდეებით მიიღწევა. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთობას, კონსოლიდაციასა და გაგებას. ბევრი ხალხი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს, გიგი წერეთელი აცხადებს, პარტიების აკრძალვა ქვეყნისათვის, რომელსაც „დემოკრატიული რეპუტაცია“ აღარ აქვს, კიდევ უფრო დიდი დარტყმა იქნება.
„დავინახე ის, რასაც ველოდი. არ ველოდი დამოუკიდებელი მოსამართლეების ხილვას, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. რაღაცები შეიძლება შეცვალოს, მაგრამ პირველი სესიები გვარწმუნებს, რომ ეს ასეა, ისე არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მონდომებულები, რომ აიკრძალოს პარტიები. ეს გადაწყვეტილება შეეხება ყველას. ეს არის დიდი დარტყმა ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული რეპუტაცია ამ ქვეყანას აღარ აქვს „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე, მაგრამ გარკვეულწილად რეპუტაცია უნარჩუნდება საზოგადოებას.
ასეთი მშვიდი და დემოკრატიული პროტესტები არ არის ძალიან ბევრ ქვეყანაში და ჩვენზე უფრო განვითარებულ დემოკრატიებში, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამას არანაირად არ აფასებს, პირიქით, შეტევაზე გადადის. ეს არის მათი დიდი შეცდომა! მათი შიშები და აგრესიულობა გამოწვეულია იმით, რომ ისინი გრძნობენ ლეგიტიმაციის გარკვეულ კრიზისს, ამიტომ გადადიან შეტევაზე.
სასამართლოში რამდენიმე სცენარი შეიძლება იყოს. ყველაზე ცუდი სცენარი, ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს, რომ ყველა პარტია აიკრძალოს. ამის შემდგომ მათ ხელში ეჭირებათ ისეთი საფუძვლები, რომ ნებისმიერ პარტიასთან მივლენ და ინდივიდებიც აკრძალავენ. ამას მხარს უჭერენ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს პროცესი მოსასწრებია, რადგან აშშ-ში არჩევნებია, უკრაინაში რთული პროცესები მიმდინარეობს, ევროკავშირი კი ამაშია ჩართული, ამიტომ საქართველოსთვის დიდი ყურადღება არ რჩება, მაგრამ არც ყურადღების მიღმა ვართ. ამას ვნახავთ ნოემბერში განხილვის დროს, თუმცა მათი მხრიდან დრამატული გადაწყვეტილებები ჯერჯერობით არ იქნება.
შუალედური სცენარი არის ის, რომ ამოარჩიონ პარტიები, ინტრიგები გააჩინონ და ესეც დროში გაწელონ. საუკეთესო ამბავი ის არის, რომელიც შესაძლოა ზღაპრადაც მოგვეჩვენოს რომ სასამართლომ თქვას „არა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ პარტიების აკრძალვის საკითხს მმართველი პარტია პარტნიორებთან სავაჭროდ იყენებს, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ვაჭრობა მუდმივად ხდება.
„ვაჭრობას მუდმივად ცდილობს „ოცნება“. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მთელი ეს ტანტრუმები, ზოგჯერ ლანძღვა და ზოგჯერ იქ ჩასვლა და სურათების გადაღება ამის ნაწილია. ეს ტაქტიკა არსებობს, ეს არ არის უცხო პოლიტიკაში, მაგრამ უნდა გესმოდეს, რას ითხოვ და რის ფასად.
გადაწყვეტილებას მიიღებენ და დროშიც გაწელავენ. ამ გაწელვის პერიოდში კი, მნიშვნელოვანი საგარეო მოვლენების კვალდაკვალ ნახავენ რა და როგორ დათმონ“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.
რაც შეეხება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ევროპა საქართველოსთან გარკვეული დონის ურთიერთობას ინარჩუნებს, რადგან მათი ხელის გაშვება საქართველოს რუსეთისთვის გადაბარებას ნიშნავს.
„ევროპა დიდი ხანია დილემის წინაშე დგას, მას შემდეგ, რაც საქართველოში დემოკრატიული რღვევა დაიწყო და „ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური რიტორიკა და ქმედებები წამოიწყო, რეპრესიები გააძლიერა, პოლიტპატიმრები გაამრავლა, თავისუფალი არჩევნების პერსპექტივა დაასრულა და ახლა საერთოდ პარტიებს აკრძალვას აპირებს. ეს ყველაფერი აბსოლუტურად საპირისპიროა იმ რეკომენდაციების, სურვილებისა და მიზნებისა, რაც არსებობდა საქართველოსთან მიმართებაში.
საქართველოს სჭირდება ევროპა, მაღალი სტანდარტები, შემოსავალი, უსაფრთხოება, კარგი გარემო, სასამართლო, ეს ჩვენს მომავალს სჭირდება და არა სასიცოცხლოდ, ევროპელებს.
საქართველოსთვის ხელის გაშვება საქართველოს რუსეთისთვის გადაბარებას ნიშნავს, ამიტომ ეს ხელის გაშვება არ ხდება და ურთიერთობის გარკვეულ დონეზე შენარჩუნება ხდება.
ევროკავშირშიც ვიღაცას უყვარს საქართველო, ზოგს დიდად არ აინტერესებს, თვლიან, რომ ახალი ქვეყნები საფრთხესა და ტვირთს წარმოადგენს, მაგრამ მაინც ხდება ის, რომ პერსპექტივას გვინარჩუნებენ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ამასთან, გიგი წერეთელმა შეაფასა სერბეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები, სადაც „სერბეთის პროგრესული პარტია” ალექსანდრ ვუჩიჩის ლიდერობით არჩევნებში, „სტუდენტურ სიასთან“ დამარცხდა. გიგი წერეთლის თქმით, ალექსანდრ ვუჩიჩი ყველაფერს ცდილობდა, რომ პროტესტი ჩაექრო, მაგრამ პროტესტი არ ჩამქრალა.
„რაც მოხდა სერბეთში, მიუხედავად იმისა, რომ ვუჩიჩს გარკვეული ბალანსი ჰქონდა, კრიტიკას იღებდა პარტნიორებისგან, თუმცა ვითარებას არ ამძიმებდა მათთან, უკრაინასთან ჰქონდა ურთიერთობა, რუსეთთანაც ცდილობდა ურთიერთობას, ქვეყნის შიგნით კი არ დგამდა ისეთ ნაბიჯებს, როგორსაც „ქართული ოცნება“ დგამს - არ ჰყავდა პოლიტპატიმრები, მომიტინგეებს არ უსწორდებოდა და არც არჩევნებზე უთქვამს უარი. იქ ყველაფერი პატარა პროტესტით დაიწყო, სადაც კორუფციას აპროტესტებდნენ, მე იმ მასშტაბის კორუფცია სერბეთში არ გამიგია, რომ მინისტრები ვინმეს დაეკავებინოს.
ვუჩიჩი ყველაფერს ცდილობდა, მაგრამ პროტესტი არ ჩამქრალა. იქაც იმართებოდა ყოველკვირეული აქციები, როგორც აქ. ხალხმა თქვა და მიიღო გადაწყვეტილება. არჩევნების შემდეგ ვუჩიჩი გამოვიდა და თქვა, რომ არჩევნები წააგო, შემდეგ კი დააბრალა „დიფ-სტეიტს“, მაგრამ ის ხალხთან, ახალგაზრდობასთან დამარცხდა, რომლებიც ჭკვიანურად მიუდგნენ საპარლამენტო სიას, სიაში სტუდენტები არ არიან.
ვუჩიჩი დარჩება პოლიტიკაში და მომავალში შეიძლება შანსი ჰქონდეს, მაგრამ პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს, ყველაფერი მოსპოს, მოანგრიოს, პარტიები აკრძალოს, ხალხი დააკავოს, ყოველთვის ცუდად ასრულებს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

























