მაია კოპალეიშვილი - დღეს „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა იგივე, რაც უწერია სარჩელში, არაფერი ახალი და განსაკუთრებული მათი მხრიდან არ ყოფილა

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა იგივე, რაც უწერია სარჩელში, არაფერი ახალი და განსაკუთრებული მათი მხრიდან არ ყოფილა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების” სარჩელს მოსამართლეთა პლენუმი იხილავს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანი, არა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა, არამედ „ერთპარტიული მმართველობის დამყარებაა“.
„პარტია „ახალს“ ედავებიან იმაში, თუ რატომ მიიღო მონაწილეობა ალიანსის ჩამოყალიბებაში, ძალიან აბსურდული საკითხია. ეს ფაქტობრივად იყო იგივე, რაც სარჩელში უწერიათ, არაფერი განსხვავებული. ამაზე ჩვენ პასუხს უკვე ჩვენს ახსნა-განმარტებაში წარმოვადგენთ და გავაბათილებთ, „ქართული ოცნების“ აბსოლუტურად ყველა არგუმენტს, დაუსაბუთებელ სარჩელს და ობიექტური დამკვირვებელი დაინახავს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი არის პოლიტიკური.
მისი მიზანი არის არა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა, არამედ მისი მიზანია პოლიტიკური პარტიების გაქრობა პოლიტიკური ველიდან და ერთპარტიული მმართველობის დამყარება, რაც, რა თქმა უნდა, ემსახურება სწორედ დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა მაია კოპალეიშვილმა.

























